აშშ-მა წამყვან რუსულ არხებსა და სამი ბანკის ტოპ მენეჯერებს სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ბლოკირებადი სანქციები დააწესა მოსკოვის ინდუსტრიული ბანკისა და მის მიერ კონტროლირებადი მრავალი ორგანიზაციის, ასევე „სბერბანკისა“ და „გაზპრომ ბანკის“ მენეჯმენტის წინააღმდეგ.

სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების სიაში შედიან - “სბერ ბანკის“ რვა ტოპ მენეჯერი: ნატალია ალიმოვა, ალექსანდრა ბურიკო, ოლგა გოლოდეცი, სტანისლავ კუზნეცოვი, სერგეი მალცევი, ანატოლი პოპოვი, კირილ ცარევი, ბელა ზლატკისი.

აშშ-ის ბლოკირებადი სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა „გაზპრომ ბანკის“ 17 ტოპ მენეჯერი.

თავად „სბერბანკი“ ასევე აშშ-ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება, „გაზპრომ ბანკზე“ კი სექტორული შეზღუდვები მოქმედებს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ 8 მაისს, ამერიკის ადმინისტრაციამ შეზღუდვები დაუწესა სამ რუსულ სახელმწიფო არხს: „პირველ არხს“, „НТВ“-ს და „Россия 1"-ს.

როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, სანქციების თანახმად, ამერიკული სარეკლამო კამპანიები, სამაუწყებლო ტექნოლოგიები, ვიდეოკამერები, მიკროფონები და ხმის აპარატურა ამ სამ არხს აღარ ექნება.

ეკა დარჩიაშვილი