ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, მთავრობა სავალუტო ფონდს დამატებით თანხას სთხოვს

ლარის კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას ითხოვს.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული. "მე განვაცხადე, რომ ექსპორტის წახალისების მექანიზმი არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს იმის ილუზია, ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, არის ის, რომ ორშაბათს გვაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთული პაკეტის მოცულობას. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.