დავიწყებული ეკოლოგია: როგორ აისახება კლიმატზე რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, კლიმატური ცვლილებებისა და ეკოლოგიის პრობლემებმა, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ისედაც საკმაოდ მწვავედ იდგა, როგორც ჩანს, მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, მიმდინარე მოვლენების გამო, პროცესები, რომლის გამოც კლიმატური სამიტები იმართებოდა, როგორც ჩანს, დაჩქარდა. რა ელის გარემოს და რამდენად გრძელვადიანია ეს ყველაფერი.

შეიარაღებულ კონფლიქტებს ეკოლოგიისთვის დიდი ზიანი მოაქვთ - ფლორა და ფაუნა ნადგურდება ხანძრების, დაბინძურებული წყლისა და ტოქსიკური გაზის გამო.

ამ თემაზე ბევრი ფართომასშტაბიანი კვლევა არ არსებობს, თუმცა 2018 წელს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ შეიარაღებული კონფლიქტებია კავშირში აფრიკის დაცულ ტერიტორიებზე ველური ბუნების შემცირებასთან. მკვლევარებმა დაადასტურეს, რომ ცხოველთა პოპულაცია სტაბილური იყო მშვიდობის დროს და შემცირდა ომის დროს.

მავნე გამონაბოლქვი

საომარი მოქმედებების დროს ჯარისკაცები თხრიან ორმოებს, ბომბები ანადგურებენ ლანდშაფტს, აფეთქებები კი იწვევს ხანძარს. იარაღი ჰაერში ათავისუფლებს ტოქსიკურ გაზებს და ნაწილაკებს, ხოლო მძიმე ლითონები ნიადაგსა და წყალში გამოიყოფა. ეს ყველაფერი აზიანებს ეკოლოგიას და იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას.

„გარემო არის კონფლიქტის ჩუმი მსხვერპლი“ , - განუცხადა The New York Times-ს არაკომერციული კონფლიქტისა და გარემოს ობსერვატორიის კვლევისა და პოლიტიკის დირექტორმა, დაგ უეირმა.

უკრაინის ტერიტორია სავსეა ქიმიური ქარხნებითა და საწყობებით, ნავთობის საცავებით, ქვანახშირის მაღაროებით, გაზსადენებით და სხვა სამრეწველო ობიექტებით, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით დამაბინძურებლების გამოყოფა დაზიანების შემთხვევაში. ზოგიერთმა მათგანმა, როგორიცაა აზოვსტალის ქარხანა, უკვე გამოუშვეს ათასობით კუბური მეტრი გაზი და სხვა საშიში ნივთიერებები ჰაერში, - წერს New York Times.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე კრასნოლუცკი აცხადებს, რომ საომარმა მოქმედებებმა ატომურ ელექტროსადგურებთან შეიძლება გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი რადიოაქტიური დაბინძურება. უკრაინის ტერიტორიაზე ოთხ ელექტროსადგურზე 15 ატომური რეაქტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) „სპეციალური ოპერაციის“ დაწყებისთანავე გააფრთხილა, რომ საომარი მოქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული რეაქტორების მუშაობას. როდესაც მარტის დასაწყისში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა, არა მხოლოდ ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლები შეშფოთდნენ, არამედ ჯო ბაიდენმა დაურეკა ვლადიმერ ზელენსკის და სასწრაფო კონსულტაციები გამართა ბირთვული უსაფრთხოების ექსპერტებთან.

გრძელვადიანი ეფექტი

გარდა ამისა, არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე 465 ნარჩენებთან (რადიოაქტიური და ტოქსიკური ნარჩენების შესანახი ობიექტები), წერს VoxEurop. გარე გავლენის ან არასწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, იქ შეიძლება მოხდეს გაჟონვა, რაც გამოიწვევს მდინარეების, დნეპრისა და დნესტრის დაბინძურებას.

The Wall Street Journal წერს, რომ უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების ატმოსფეროს, ნიადაგისა და მდინარეების გაწმენდას დამაბინძურებლებისგან შეიძლება წლები დასჭირდეს. ამავდროულად, მავნე გამონაბოლქვი ზრდის კიბოს და რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს რეგიონების მცხოვრებთათვის, ასევე ბავშვებში განვითარების შეფერხებას.

დღევანდელი ვითარების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგია ქვანახშირის ენერგიაზე დაბრუნება, რომლის სრული მიტოვებაც 2040-იან წლებში იგეგმებოდა. დევიდ უოლას-უელსი, გარემოსდამცველი და ჟურნალისტი თვლის, რომ ახლა თითქმის შეუძლებელია პარიზის კლიმატის შეთანხმებით გამოცხადებული შედეგების დროულად მიღწევა. მას მიაჩნია, რომ ევროპული ქვეყნები რუსულ გაზს ენერგიის სხვა წყაროებით ჩაანაცვლებენ, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში შესაძლოა უფრო ჭუჭყიან წყაროებს მიმართონ არსებული უფსკრულის დასაფარად.

გამოსავალი

ამ დროისთვის, სანდო ინფორმაციისა და მონაცემების არარსებობის პირობებში, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად აღდგება უკრაინისა და მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ქვეყნების ეკოლოგია. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წყლის პრობლემების ინსტიტუტის ეკოლოგი და მკვლევარი არტემ აკშინცევი ამბობს, რომ სანამ ბრძოლები გრძელდება, სამწუხაროდ, არ არის საჭირო რაიმე ადეკვატურ შეფასებაზე საუბარი შედეგებისა და აღდგენის დროზე. თუმცა, ექსპერტი განმარტავს, რომ ტერიტორიების აღდგენისთვის უკვე შესაძლებელია ნაბიჯების გადადგმა: „ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის საომარი მოქმედებების საზღვრებზე გარემოსდაცვითი პუნქტების, მათ შორის გარემოს მონიტორინგის საველე ლაბორატორიების ქსელის აღჭურვა“.

ეკა დარჩიაშვილი