შანხაიში კარანტინის გამო Toyota მუშაობას დროებით წყვეტს

მაისში, Toyota Motor Corp.-ი იაპონიაში მდებარე რვავე ქარხნის მუშაობას ექვსი დღით შეაჩერებს. მიზეზად ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება, რომელიც შანხაიში ხანგრძლივმა ლოქდაუნმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Toyota-ს მანქანების წარმოება მაისში 750 ათასი მანქანიდან 700 ათასამდე შემცირდა. ქარხნებში მუშაობა 16-დან 21 მაისამდე შეჩერდება - განაცხადეს ავტოკონცერნში.

ცნობისთვის, ჩინეთს აქვს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა COVID-19-ის მიმართ. ეს ნიშნავს, ვირუსის გავრცელების შეზღუდვას დაბლოკვისა და სავალდებულო კარანტინის გზით მათთვის, ვინც ინფიცირებულ მოქალაქეებთან შეხებაშია.

შესაბამისად, შანხაიში მილიონობით ადამიანი თვეზე მეტია იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. შანხაის გარდა ათობით ჩინური ქალაქი სრულ ან ნაწილობრივ ლოქდაუნს ექვემდებარება. შესაბამისად, ჩინეთის ეს პოლიტიკა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ დიდ ეკონომიკურ ზარალს იწვევს.

შეზღუდვებმა ზოგიერთი კომპანიის სრული ან ნაწილობრივი დახურვა გამოიწვია. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებიან Semiconductor Manufacturing International Corp. (SMIC) და Hua Hong Semiconductor.

ეკა დარჩიაშვილი