ლევან კალანდაძე: ორი წლის განმავლობაში ვუშვებთ შეცდომებს და რა გვინდა, ერთ დღეში რაღაც გამოსწორდეს? – არ გამოსწორდება

სესხის აღებას არასდროს მივესალმები, უბრალოდ სხვა გზა არ არის, - ასე აფასებს ეკონომიკური ექსპერტი ლევან კალანდაძე ლარის კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურების მიზნით საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დამატებითი ფინანსების მოთხოვნას.

როგორც კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო, რომელთა შორისაც ერთ-ერთი კომპონენტი არის სწორედ ის, რომ 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გრანტების და კრედიტების პირველი ტრანშების რაც შეიძლება დროული მობილიზება და ათვისება მოხდეს.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში აქცენტს ვაკეთებდი ორი მიმართულებით: ერთი, რას გააკეთებდა ეროვნული ბანკი და მეორე, რას გააკეთებდა მთავრობა. ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ინსტრუმენტების გამკაცრება მხოლოდ მოკლევადიანი და ერთჯერადი ეფექტის მატარებელია და ეს საკმარისი არ იქნება, თუ მთავრობამაც გარკვეული პოლიტიკა არ შეაშველა. მე სწორედ იმას ვგულისხმობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გრანტების და კრედიტების პირველი ტრანშების რაც შეიძლება დროული მობილიზება და ათვისება. თუ ჩვენ შეგვიძლია, მოვიზიდოთ დამატებით სავალუტო რესურსი, რომელიც ხელს შეუწყობს ლარის სტაბილიზაციას მოკლევადიანი პერიოდისთვის, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. სესხის აღებას არასდროს მივესალმები, უბრალოდ სხვა გზა არ არის. ორი წლის განმავლობაში ვუშვებთ შეცდომებს და რა გვინდა, ერთ დღეში რაღაც გამოსწორდეს? - არ გამოსწორდება. ორი წლის განმავლობაში გვაქვს უამრავი შეცდომა დაშვებული და საბოლოო ჯაში ამან, სხვა გარე ფაქტორებთან ერთად, მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაშიც ვიმყოფებით. ანუ შექმნილ სიტუაციაში ჩვენ გვაქვს ორი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიანი მიზნები არის ლარის ვარდნის შეჩერება (რისთვისაც საჭიროა სწორედ ერთი მხრივ, მთავრობის აქტიურობა და ის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც დღეს დაანონსდა და მეორე მხრივ, სავალუტო ინტერვენციები ეროვნული ბანკის მხრიდან) და გრძელვადიანი მიზნები (რისთვისაც აუცილებელია დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტები, რაც შეიძლება დროულად განხორციელდეს). სავალუტო ბალანსი ლარისა და დოლარის მასას შორის მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა აღდგეს", - განაცხადა ლევან კალანდაძემ, რომლის განმარტებითაც, სესხის აღება არ არის ერთადერთი გამოსავალი და აღნიშნულის მისაღწევად "მიმდინარე თვეში 2-3 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ამუშავებაც საკმარისია". "მაგალითად ნენსკრა, ანაკლია და ხუდონი რომ ავამუშაოთ, საერთოდ არ იქნება სესხის აღება საჭირო, მაგრამ ეს ხომ თეორიულად შეუძლებელია? მოკლევადიანი ეფექტი თუ გვინდა მივიღოთ, რაღაც წყაროდან უნდა შემოვიტანოთ დოლარი. დოლარს არავინ გვაჩუქებს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება უშუალოდ 2 წლის განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს, ეკონომიკური ექსპერტის შეფასებით, გარე ფაქტორებთან ერთად ეს არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. "საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი შეცდომაა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება, პოლიტიკის, რომელიც არ არის ორიენტირებული ბიზნესზე და ორიენტირებულია უფრო მეტად სოციალური ტვირთის გაზრდაზე. სოციალური ტვირთის გაზრდა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბიუჯეტს ვკიდებთ დამატებით ვალდებულებას და ამ ვალდებულების "აწევის" ტვირთი მოდის ისევ და ისევ ჩვენს ჯიბეზე. ორი წლის განმავლობაში, 2013-2014 წლებში არათანმიმდევრული და არასისტემური საბიუჯეტო პოლიტიკა იყო გატარებული. ორივე წლის პირველ ნახევრებში ჩვენ ვზოგავდით თანხებს, წლის ბოლო თვეებში კი ვიწყებდით დეფიციტურ ხარჯვას. ჩვენ გვაქვს შეცდომა დაშვებული საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწას, ვიზების გამკაცრებას, თემას დაკავშირებულს საემიგრაციო კანონის გაუარესებასა და დამძიმებასთან. ჩვენ გვაქვს გარკვეული შეცდომა დაშვებული მსხვილი საინვესტიციო პროექტების დროულ განუხორციელებლობასთან. ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, აყალიბებს საქართველოსთან მიმართებაში ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების არასწორ და ნეგატიურ მოლოდინებს", - აღნიშნა ეკონომიკურმა ექპსერტმა.

ლარის კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას ითხოვს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული.