Saudi Aramco მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა -  მან Apple-ს გაასწრო

საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადაასწრო ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის საბაზრო ღირებულებას, რაც არაბულ გიგანტს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად ხდის. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთის ნაციონალური სანავთობო კომპანიის კაპიტალიზაციამ 2,43 ტრილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო Apple-ს - 2,42 ტრილიონი. წლის დასაწყისში Apple გახდა პირველი კომპანია ისტორიაში, რომლის კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ამის შემდეგ ეს მაჩვენებელი კლებაშია.

Bloomberg-ის ცნობით, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების კლების ტენდენცია გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, მათ შორისაა, ინფლაციური პროცესები და ამერიკული ფედრეზერვის მკაცრი სავალუტო პოლიტიკა. მნიშვნელოვანი გავლენა ამაზე იქონია ასევე მიწოდების ჯაჭვში არსებულმა პრობლემებმა. ნავთობკომპანიის კაპიტალიზაციის ზრდაში კი პირიქით, უკრაინაში არსებულმა ომმა და მსოფლიო გეოპოლიტიკურმა პროცესებმა ნავთობზე ფასების გაზრდა გამოწივია, ამან კი ავტომატურად - ნავთობკომპანიების კაპიტალის ზრდა.

კოკა კვირკველია