კახა კალაძე ხონში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრო

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ქალაქ ხონში, გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

კალაძე ხონში შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. "თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის - ქალაქში თუ სოფელში, მთაში თუ ბარში, უნდა ჰქონდეს თანამედროვე სოციალურად სრულყოფილი პაკეტი: დენი, გაზი, წყალი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მკურნალობის და განათლების საშუალება. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში არ დარჩეს ადგილი, სადაც არ იქნება სინათლე და გაზი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მარტო გამრიცხველიანებაზე დღეის მდგომარეობით უკვე დახარჯულია დაახლოებით 40 მლნ ლარი, უშუქო სოფლების ელექტროფიცირებაზე დაიხარჯება მთლიანობაში 6 მილიონი, კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირებაში კი სახელმწიფომ დახარჯა 19 მილიონი ლარი. მოლაპარაკებების შედეგად კომპანია "სოკარმა" ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 100 000-მდე აბონენტს მისცა და ეს პროცესები გრძელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" დაევალა ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად აშენდება 70 341 გრძივი მეტრი გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესალებლობა 4 200-ზე მეტ ოჯახს მიეცემა. სამუშაოები დასრულდება 2015 წლის აგვისტოში.

2014 წლის დეკემბრიდან ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე მიეწოდებათ ბინებრივი აირი. ამისათვის აშენდა 8 594 მეტრი გაზსადენი და თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი. სულ, გაზიფიცირდა ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი.