საქართველოს გავლით ტვირთბრუნვაზე ინტერესი კიდევ უფრო იზრდება - TRACECA კასპიისა და შავი ზღვის პორტების გავლით ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობას შეისწავლის

TRACECA 16-დან 24 მაისამდე ცენტრალური აზია-ევროკავშირის მარშრუტის გასწვრივ სასწავლო-გაცნობით ტურს ჩაატარებს, რომლის დროსაც კასპიისა და შავი ზღვის პორტების გავლით ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობას განსაზღვრავს. ამის შესახებ ორგანიზაციაში აზერბაიჯანულ სააგენტო Trend-ს განუცხადეს.

ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, ანუ TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. ეს არის ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას უზრუნველყოფს. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი 1993 წელს, ბრიუსელის დეკლარაციის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით შეიქმნა. მალევე პროექტს უკრაინა, მოლდოვა და მონღოლეთი, ხოლო 2000 წელს თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდა, 2009 წელს კი - ირანი.

წყარომ Trend-ს განუცხადა, რომ „სასწავლო ტური ყაზახეთის აქტაუს, ბაქოს, თბილისსა და ბათუმს მოიცავს, რომელშიც ამ სახელმწიფოების, ცენტრალური აზიის ქვეყნების, ასევე, ბულგარეთისა და თურქეთის დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება ცენტრალურ აზიაში ვაჭრობის მიმართულებით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და ყაზახეთის ტრანსპორტის მუშაკთა კავშირ KazLogistics-თან თანამშრომლობით გაიმართება.

TRACECA-ს ოფისის შეფასებით, ბოლო დროს ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობები კასპიის ზღვის გავლით ტვირთების მიწოდების გაზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რადგან გადამზიდველებს უკრაინის ომის გამო ადრიდნელ სატრანზიტო მარშრუტებზე პრობლემები ექმნებათ.

კასპიის ზღვის ალატისა და კურიკის პორტებს, ასევე, შავ ზღვაზე ბათუმის პორტს აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქეთისა და უზბეკეთის საბაჟო და სამთავრობო სტრუქტურების 40-ზე მეტი წარმომადგენელი, ცენტრალური აზიის სატრანსპორტო-ლოგისტიკური პარტნიორობის წევრები ეწვევიან. ისინი შეისწავლიან ფასების პოლიტიკას, ჩაატარებენ ანალიტიკურ კვლევებს და რეკომენდაციების შემუშავებისა და პროცედურების შემდგომი გამარტივებისთვის ტვირთების დამუშავების პროცესს გაეცნობიან.

გარდა ამისა, ღონისძიებას აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან დაესწრებიან საგზაო გადამზიდავების ეროვნული ასოციაციების, ლოგისტიკური კომპანიებისა და ექსპედიტორების, საზღვაო პორტებისა და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში. ბულგარეთისა და თურქეთის მონაწილეებს თავიანთი ტერიტორიების გავლით საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის შესაძლებლობების შესწავლას შესთავაზებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ