იაპონია რუსეთში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ექსპორტს კრძალავს

იაპონია იმ საქონლისა და ტექნოლოგიების სიას აფართოებს, რომელთა ექსპორტიც რუსეთში იკრძალება უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე ცნობით, აკრძალვა უკვე დაამტკიცა ქვეყნის მთავრობამ და ძალაში 20 მაისს შევა.

საერთო ჯამში, განახლებულ დოკუმენტს აქვს 14 ახალი ჩანაწერი, მათ შორის 3D პრინტერები და კვანტური გამოთვლითი მოწყობილობა, ელექტრონული და ატომური ძალის მიკროსკოპები და ნავთობის გადამამუშავებელი კატალიზატორები.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონიამ რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა. პერსონალური სანქციების სამიზნეა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. ექსპორტისთვის აკრძალული საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალში შედის 300-ზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის ნახევარგამტარები, აღჭურვილობა საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოებისთვის, სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, სამხედრო პროდუქტები. გარდა ამისა, იაპონიამ გაყინა Otkritie Bank-ის, Novikombank-ის, Sovcombank-ის, VTB-ის, Rossiya Bank-ის, Promsvyazbank-ისა და VEB.RF-ის აქტივები. გარდა ამისა, იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის, ბელარუსის და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების 700-ზე მეტი მოქალაქე, ასევე 200-ზე მეტი რუსული კომპანია და ორგანიზაცია.