„ომის დაწყებიდან დღემდე სამშენებლო მასალების ფასი 20-30%-ით არის გაზრდილი“ - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, საქართველოში სამშენებლო მასალების ფასი 20-30%-ით გაიზარდა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, კომპანია "ინსი"-ს გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

ზვიად თოიძის თქმით, საქსტატის მონაცემებთან შედარებით, სამშენებლო ბაზარზე ფასების ზრდა ბევრად მასშტაბურია.

„საქსტატისვე მონაცემებით, 2020 წლიდან, ანუ კოვიდის დასაწყისიდან თებერვლამდე 42%-ით არის გაზრდილი სამშენებლო მასალების ღირებულება. ომის მერე კი მხოლოდ თებერვლიდან მარტამდე მხოლოდ 1 თვეში ზრდა 6%-ია, მაგრამ ეს ოფიციალური მონაცემია, რეალურად კი, ჩვენი მონაცემით, ზრდა ბევრად დიდია. მხოლოდ არმატურის ფასი დოლარში 200 დოლარით გაიზარდა, ლარში კი ფასნამატი ბევრად დიდია. ასევე გაზრდილია სხვა ყველა სამშენებლო მასალის ფასი. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი მონაცემებით, სამშენებლო მასალების ფასი 20-30%-ით არის გაზრდილი.

ჩვენ გარკვეულ წილად ვიყავით ქვეყნებზე დამოკიდებული, რომლებიც ახლა ომში არიან, მაგრამ მოწოდებას საფრთხე არ შექმნია. არ გვაქვს დეფიციტი არცერთ პროდუქტზე, ბაზრების დივერსიფიცირება შევძელით, მაგრამ გაიზარდა მოწოდების ფასები. იგივე არმატურა, აზერბაიჯანიდანაც შემოდის. ასევე, სხვა მასალები თურქეთიდან, ჩინეთიდან და ევროპიდან“, - აცხადებს თოიძე.

თამარ მუკბანიანი