საპენსიო სესხები გაიაფდება - რას გულისხმობს ეროვნული ბანკის ბრძანება

ბანკებისთვის საპენსიო სესხის გაცემა გაიაფდება. აღნიშნულს გულისხმობს ეროვნული ბანკის 10 მაისის ბრძანება.

კერძოდ, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიცია 75%-ის ნაცვლად 35% იქნება. სესხის რისკის წონა განსაზღვრავს აღნიშნულ სესხზე კაპიტალის მოთხოვნას.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბანკებიც უფრო დაბალ პროცენტში შეძლებენ საპენსიო სესხების გაცემას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ფასდადებას კაპიტალის მოთხოვნის გარდა სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, როგორიცაა: დაზღვევის ხარჯები, ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ. ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ სესხის პროცენტი პენსიონერებისთვის 2-ჯერ შემცირდება.

„ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35% რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

  • მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;
  • მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;
  • სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;
  • სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად,“- აღნიშნულია ბრძანებაში.

ცნობისთვის, ფულადი გასაცემელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული უვადო ფულადი გასაცემელი, მათ შორის, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებისმიერი სხვა გასაცემელი ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფულად გასაცემელში არ შედის ფულადი სახის სოციალური დახმარება – საარსებო შემწეობა, დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობა.

თაია არდოტელი