„სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს“ - ,,ბარაქა“ მაისის ბოლოს წარმოების პროცესს აჩერებს

„მაისის ბოლომდე მარაგები გვაქვს. ძველი კონტრაქტებით შემოსული ხორბალი დარჩენილია. შემდეგ წარმოებას გავაჩერებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი აცხადებს.

სექტორი რთული მდგომარეობის წინაშე, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებულმა მცურავმა საბაჟო გადასახადმა დააყენა, რომელიც ბოლო პერიოდში მუდმივად მზარდია. ბიძინაშვილის თქმით, წარმოების გაჩერების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობის 70%-ით შემცირება მოხდება.

„საკმაოდ დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდის წევრებთან შეხვედრებს ვმართავთ. იქნება ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. ფაქტია, შედეგი აქამდე არ დადგა. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯების მოლოდინი აღარ გვაქვს. მაისის ბოლოს გაჩერდება წარმოება და მოგვიწევს თანამშრომლების გაშვებაც. ამ ეტაპზე 100 ადამიანია ჩვენი დასაქმებული, რომლებიც წარმოებასა და რეალიზაციაში არიან ჩართული, ალბათ, 70%-ით შევამცირებთ დასაქმებულთა რაოდენობას. ამის შემდეგ, როგორი იქნება ვითარება, იმის მიხედვით გადავეწყობით, როგორც იმპორტის კუთხით, ასევე ადგილობრივი წარმოებაც შეიძლება შევინარჩუნოთ, ძალიან მიზერული ოდენობით“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ლადო ბიძინაშვილმა.

ცნობისათვის, 2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-მარტში კი ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).

თამარ მუკბანიანი