EBRD ექსპორტის მხარდასაჭერად უკრაინის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უკრაინის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს, რომ ქვეყანას ექსპორტის შენარჩუნებაში დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters-ს EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელმა, მატეო პატრონემ განუცხადა.

გასულ კვირას უკრაინამ შავი და აზოვის ზღვების ოთხი პორტი ოფიციალურად დახურა, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს. უკრაიანას მეზობელ ქვეყნებში ერთადერთ საექსპორტო საშუალებად სახმელეთო მარშრუტები დარჩა. შესაბამისად, რუსეთის მიერ შავ ზღვაზე გადაზიდვების კონტროლის გამო ქვეყანა, Reuters-ის შეფასებით, მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტის დაკარგვის რისკის წინაშეა, რაც სურსათის საქონლის გლობალურ ბაზრებზე სასურსათო კრიზისსა და ინფლაციურ ზეწოლას გამოიწვევს.

EBRD გეგმავს, უკრაინის სარკინიგზო კომპანია UZ-ს ლიკვიდობის ხაზი შესთავაზოს, რომ მან მუშაობა გააგრძელოს და მეტი უკრაინული საქონლის ექსპორტისთვის შეამზადოს. ლიკვიდობა არის აქტივების ნაღდ ფულად ქცევის შესაძლებლობა, აღნიშნული აქტივების გაიაფების, ანუ ფასის კლების გარეშე.

„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკურ კომპანიებთან, რომ გავიგოთ, თუ როგორ დავეხამროთ მათ ლიკვიდობის ხაზებზე,” - აცხადებს მატეო პატრონე.

მისი თქმით, ინიციატივა უკრაინის ფოსტას, კერძო და საჯარო სექტორის სხვა კომპანიებსაც, ასევე, მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

EBRD-სა და უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მოლაპარაკებებზე ტრანსსასაზღვრო და გადაზიდვის ინფრასტრუქტურის განახლების გზებს განიხილავენ. რკინიგზას მხოლოდ იმ მარცვლეულის ნაწილის ექსპორტი შეუძლია, რომელიც ამჟამად უკრაინის სილოსებში (ელევატორებში) ინახება. ამდენად, სარკინიგზო კომპანიას ტრანსსასაზღვრო მარცვლეულის გადაზიდვებისთვის თავისი ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ადაპტირება სჭირდება.

EBRD აცხადებს, რომ უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად მიმდინარე წელს მილიარდი ევროს (1,04 მლრდ დოლარის) დახარჯვას აპირებს.

ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ვალდის დომბროვსკისმა უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებული ზარალი 500-დან 600 მლრდ ევრომდე შეაფასა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ