Wizz Air-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებით 10 000 უფასო ბილეთი გამოყო

Wizz Air-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას აპირებენ, 10 000 უფასო ბილეთი გამოყო. ეს ლტოლვილები მონაწილეობენ ბრიტანეთის მთავრობის სავიზო პროგრამაში სახელწოდებით, „საცხოვრისი უკრაინისთვის.“ ინფორმაციას უკრაინული „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.

ავიაკომპანია უფასო ბილეთებს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, Choose Love-თან, The Shapiro Foundation-თან, The Steve Morgan Foundation-თან და USPUK-თან პარტნიორობით გასცემს.

ინიციატივა ამ შაბათ-კვირას დაიწყება, ხოლო მოგზაურობის პერიოდი 14 მაისიდან 15 ივნისამდე გაგრძელდება. 5 მაისის მდგომარეობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ „საცხოვრისი უკრაინისთვის“ პროგრამით უკრაინელებზე 95 000-ზე მეტი ვიზა გასცა, ხოლო 37 000-ზე მეტი უკრაინელი დიდ ბრიტანეთში უკვე ჩავიდა.

Wizz Air-ის უფასო ბილეთები 61 მარშრუტზე არის ხელმისაწვდომი. მასში თითოეული მგზავრისთვის გათვალისწინებულია ერთი ხელბარგი და ერთი დარეგისტრირებული ბარგი 32 კგ-მდე.

ამასთან, Choose Love-მა გახსნა ოფიციალური ვებგვერდი, სადაც ევროპისა და დიდი ბრიტანეთის დონორებს თანხის შეტანა და უფასო ბილეთების რაოდენობის გაზრდა, ასევე, დიდ ბრიტანეთში ჩასული უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა შეუძლიათ.

ამ უფასო ბილეთის დაჯავშნა ვებგვერდ wizzair.com/#/rescue-ზე არის შესაძლებელი, რომლის დროსაც ლტოლვილმა პირმა შესაბამის გრაფაში პასპორტის ნომერი უნდა შეიყვანოს. რეგისტრაციის, ანუ check-in-ის დროს მგზავრებმა, ასევე, უკრაინის პასპორტი და ვიზა/გამშვები დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.

მარტსა და აპრილში Wizz Air-მა უკრაინელი ლტოლვილებისთვის 100 000 უფასო ბილეთი გამოყო.

გაეროს მონაცემებით, რუსეთის სამხედრო შეჭრიდან უკრაინა 5,6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ