უწყებათაშორისმა საბჭომ საქსტატის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დაამტკიცა

„საქსტატში“ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, განსახილველად 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს და ევალება ოფიციალური სტატისტიკის სისტემის 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიის, ასევე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცება.

„საბჭო, რომელსაც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს, თორმეტი წევრისგან შედგება და აერთიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზედენტს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და ცხრა სამინისტროს წარმომადგენელს, მინისტრის მოადგილეების დონეზე.

„საქსტატის“ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავებული იყო პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად და ის ითვალისწინებდა 3 პრიორიტეტს, 12 ამოცანასა და 86 აქტივობას. გოგიტა თოდრაძემ საბჭოს წევრებს დეტალურად წარუდგინა ინფორმაცია თითოეული მიზნითა და ამოცანებით განსაზღვრული აქტივობების შესრულების შესახებ, პასუხისმგებელი უწყებების, საჭირო ბიუჯეტისა და შესრულების ვადების მითითებით.

უწყებათაშორისმა საბჭომ 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში ერთხმად დაამტკიცა, რომელიც „საქსტატის“ ვებ-გვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.