ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ქვეყანაში არსებული მარაგების შესახებ განმარტებას აკეთებს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია ქვეყანაში არსებული მარაგების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა "ფეისბუკზე" წერს, წისქვილების მუშაობის შეჩერებისა და ხორბლის მარაგების შესახებ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია, რის გამოც, დამატებითი განმარტების გაკეთება გახდა საჭირო.

"დღეს ჩვენმა განცხადებამ წისქვილების მუშაობის შეჩერებისა და ხორბლის მარაგების შესახებ გაუგებრობა და აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში (უფრო სტატიის სათაურის და არა შინაარსის გამო), შესაბამისად, თავს მოვალედ ვთვლით, გავაკეთოთ განმარტებები.

1. ქვეყანაში არსებობს საკმარისი მარაგები ფქვილად, ფქვილის იმპორტი ხორციელდება შეუფერხებლად, მარაგები განთავსებულია პურის ქარხნებში (მონიტორინგს ფქვილის მარაგებზე აწარმოებს სახელმწიფო);

2. საქართველოს წისქვილკომბინატებმა შეაჩერეს მუშაობა და აღარ შემოაქვთ ხორბალი, გამომდინარე იქედან, რომ ხორბლისა და ფქვილის იმპორტის განსხვავებული რეჟიმია და შედეგად წისქვილკომბინატების მუშაობას ეკონომიკურად აზრი არ აქვს, შესაბამისად, წისქვილკომბინატები პურის ქარხნებს აღარ აწვდიან ფქვილს;

3. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის განცხადება, წისქვილკომბინატების მუშაობის შეჩერების შესახებ, გაკეთებულია მხოლოდ ინდუსტრიაში (წისქვილკომბინატების ) არსებულ მდგომარეობაზე და ეხება ხორბლის მარაგებს და არ ეხება არც პურის ინდუსტრიის მუშაობას, რომელიც სტაბილურად მუშაობს და არც ფქვილის მარაგებს, რომელიც როგორც ჩვენი კოლეგა პურის მწარმოებელთა განცხადებით, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაა.

4. აქედან გამომდინარე, გვსურს მარაგების თემასთან დაკავშირებით აღვნიშნოთ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც ინფორმაციამ გამოიწვია, არის გაუგებრობის შედეგი;

5. აქვე აღვნიშნავთ, რეალურად წისქვილკომბინატებს ნამდვილად აქვთ მუშაობის პრობლემა და იმედი გვაქვს, უახლოეს დროში შედგება ჩვენი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან და წისქვილკომბინატების მუშაობა სრულად აღდგება",- წერს ლევან სილაგავა.