ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა შეაჩერა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა კომპანია Twitter-ის შესყიდვა შეაჩერა. ბიზნესმენის განმარტებით, ამის მიზეზი, სოციალურ ქსელში ფალსიფიცირებული ანგარიშების შესახებ მონაცემების დაზუსტებაა.

„Twitter-ის შესყიდვა დროებით შეჩერებულია, იმ მონაცემების მოლოდინის ფონზე, რომელმაც უნდა დაადასტუროს შეფასება იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში დაახლოებით 5% სპამ ანგარიში ან ყალბი გვერდებია შექმნილი“ - წერია მასკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასკის ამ განცხადების შემდეგ, თავად კომპანიის აქციებმა ვარდნა დაიწყო და 15,57%-იანი გაუფასურება განიცადა (აქციაზე - 38,06 დოლარამდე). აღნიშნული ვარდნა თბილისის დროით 15:18 წუთზე დაფიქსირდა.

მოგვიანებით ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მას ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი კომპანიის შეძენაზე. „უწინდებურად ვგეგმავ შეძენას“ - დაწერა მან სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 25 აპრილს კომპანიის ხელმძღვანელობამ თანხმობა მისცა ილონ მასკს, Twitter 44 მლრდ დოლარად შეეძინა. თუ მილიარდერი ამ შეთანხმებას დაარღვევს, მას ჯარიმის სახით 1 მლრდ დოლარის გადახდა მოუწევს, ხოლო თუ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი თავად კომპანია იქნება, მაშინ, პირიქით მოხდება. საბოლოო შეთანხმება მხარეებს შორის 24 ოქტომბერს გაფორმდება.

კოკა კვირკველია