ევროკავშირი უკრაინას ნახევარ მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას დაუმტკიცებს

მომავალ კვირას ევროკავშირი აპირებს დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების მეოთხე ეტაპი 0,5 მილიარდი ევროს ოდენობით, მიუხედავად ევროკავშირის საკანონმდებლო პროცედურების სირთულისა.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალ კვირას მივაღწევთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რა თქმა უნდა, ეროვნული საბიუჯეტო პროცედურების გათვალისწინებით,” - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპელმა მაღალჩინოსანმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების 17 მაისის შეხვედრის პროგრამის კომენტირების დროს.

მისი თქმით, ამ დღეს თავდაცვის მინისტრები „ადგილზე“ არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის ქმედებების სხვადასხვა მიმართულებებს განიხილავენ: სამხედროს, დიპლომატიურს და ეკონომიკურს. შეხვედრას 27 ქვეყნის მინისტრის გარდა, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი დაესწრებიან.

უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო მიწოდება მზა სტრუქტურის - ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით ხორციელდება. შეიქმნა სპეციალური კლირენგის მექანიზმი, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის თითოეული ქვეყნის მიერ მიწოდებული სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ღირებულებას და ფონდიდან მისთვის კომპენსაციის ოდენობას ითვლის.

ეკა დარჩიაშვილი