აჭარა ტურიზმის მიმართულებით დუბაის გამოცდილებას გაეცნო

აჭარა ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების განვითარების მიმართულებით დუბაის გამოცდილებას ეცნობა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის ხელმძღვანელთან შეხვედრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა დუბაის ტურისტული განვითარების სტრატეგიისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

დუბაის ტურიზმის სამსახურის ჩართულობით შეხვედრა დაიგეგმა დუბაის ტურიზმის კოლეჯის მენეჯმენტთან. უწყება ქვეყანაში ტურიზმის სექტორისთვის საჭირო კადრების მომზადებას უზრუნველყოფს და ტურიზმის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამებს ამუშავებს.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, დუბაიში სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურისტის ქვეყანაში მიღებიდან გაცილებამდე არსებული ტურისტული სერვისების ჯაჭვის განვითარებასა და ეფექტურად ფუნქციონირებას. შეხვედრაზე მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ელჩი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდა.