გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტს

მიუხედავად იმისა, დაწესდება თუ არა ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგო, გერმანია გეგმავს, რომ წლის ბოლომდე მის იმპორტზე უარი თქვას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გერმანიის ხელისუფლებაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მისი ინფორმაციით, გერმანიის ხელისუფლება ძალისხმევას მიმართავს ალტერნატიულ მომწოდებლებთან კონტრაქტების გასაფორმებლად. ამასთან, ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ შეძლებს დარჩენილი გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებას მომდევნო 6-7 თვეში. ამავდროულად წყაროს ცნობით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტი კანცლერ ოლაფ შოლცის მეთაურობით გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო პოლიტიკის შენარჩუნება-განვითარებას, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის გამო დაუწესდა. თუმცა ფედერალური მთავრობა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელი ქვეყნები დაეხმარებიან გერმანიას ნავთობის დეფიციტის აღმოფხვრაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სანავთობო სანქციები და ენერგეტიკული უსაფრთხოება იქნება განხილვის მთავარი თემა შოლცის ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტესთან ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე, ასევე ეს საკითხები განიხილება ყატარის შეიხის პარასკევს ბერლინში დაგეგმილი ვიზიტის დროს.

კოკა კვირკველია