სანქციებმა ამერიკასა და ევროკავშირში ბელარუსის 16-18 მლრდ დოლარის ექსპორტი დაბლოკა

დასავლურმა სანქციებმა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ბელარუსიდან 16-18 მლრდ დოლარის პროდუქციის ექსპორტი დაბლოკა. ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრმა რომან გოლოვჩენკომ ტელეკომპანია Al Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„სანქციების გამო პრაქტიკულად მთელი ბელარუსული ექსპორტი დაიბლოკა ევროკავშირსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. უხეშად რომ ვთქვათ, საუბარია 16-18 მლრდ დოლარის ექსპორტზე“, - განაცხადა მან.

გოლოვჩენკოს თქმით, დასავლური სანქციები ბელარუსში აღიქმება არა როგორც უბრალოდ წნეხის ინსტრუმენტი, არამედ როგორც ჰიბრიდული აგრესიის ინსტრუმენტი.

„ალბათ, ეს ბოლო სტადიაა, რომლის შემდეგაც კლასიკური სამხედრო აგრესია უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ სანქციების მიზანია ქვეყანა მუხლებზე დააჩოქოს, მოგუდოს მისი ეკონომიკა და ძალის გამოყენებით აიძულოს ქვეყნები გარკვეული პირობების შესრულებაში.

კოკა კვირკველია