ქვეყნები, საიდანაც საქართველოში პირატული საქონელი შემოდის

დაცულია თუ არა მომხმარებელი  კონტრაფაქტული საქონლის შეძენისგან?

სამოსი, ტექნიკა, ჰიგიენური საშუალებები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა შეძენისას მომხმარებელი უპირატესობას კონკრეტულ ბრენდს ანიჭებს. ცხადია, კომპანიების მთავარი საზრუნავი, მომხმარებლის ცნობიერებაში მათი ბრენდის დამკვიდრებაა, რაც რეკლამით თუ სხვა საშუალებით მიიღწევა. თუმცა, რამდენად დაცულია მომხმარებელი კონტრაფაქტული საქონლის შეძენისგან? მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.

მომხმარებელი ე.წ. ბრენდულ მაღაზიაშიც კი დაუცველია უხარისხო, პირატული საქონლის შეძენისგან. ალბათ გახსოვთ, აიფონ+-თან დაკავშირებული სკანდალი. Apple Store Georgia-ს მომხმარებლები მათ მოტყუებაში ადანაშაულებდნენ. საუბარია იმაზე, რომ ტექნიკა პირატული იყო და Apple-თან საერთო არ ჰქონდა. მომხმარებელი კი პატენტს ორიგინალის ფასში იძენდა. ამ თემის შესახებ სხვადასხვა ფორუმებზე უკმაყოფილო მომხმარებელთა კომენტარები მრავლადაა. თუმცა, მეტად ეს საქმე წინ არ წასულა და ორგანზიაციის პასუხისმგებლობის საკითხი ჯერჯერობით არ დამდგარა.

ანალოგიური მდგომარეობაა სამოსისა და ჰიგიენური საშუალებების მხრივ. ცხადია, მომხმარებელი, რომელიც ბაზრობაზე ”არმანის,” ”დოლჩე და განაბას” თუ სხვა ბრენდებით ეტიკეტირებული სამოსს იაფად იძენს, ხვდება, რომ ის ორიგინალური ვერ იქნება. თუმცა, სხვა საკითხია, როცა იგივე პრობლემა ბრენდირებულ მაღაზიაში გვხვდება. ხშირად ორიგინალის ნაცვლად მომხმარებელი პატენტს იძენს და მასში საკმაოდ ძვირსაც იხდის. ეკონომიური ზარალის გარდა, ჰიგიენური საშუალებების შეძენისას მომხმარებლის ჯანმრთელობას შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს.

თბილისში რამდენიმე ბუტიკი აღმოვაჩინეთ, სადაც ”არმანის”, ”დოლჩე და გაბანს” და სხვა ბრენდული სამოსის პატენტი იყიდება, თანაც საკმაოდ ძვირად. ამას თავისებური ახსნა მოუძებნა ბუტიკის მეპატრონემ: ”ბუტიკი პრესტიჟულ უბანში გავხსენით. ჩვენ გვერდით ბრენდული მაღაზიებია, თქვენც ხედავთ. თავიდან ხელმისაწვდომი ფასები დავადეთ 15, 20, 25 ლარი, მაგრამ კლიენტი ვერ მივიზიდეთ. ბუტიკის დახურვას ვაპირებდი, რადგან წაგებაზე წავედი. ბოლო ცდა იყო, სამოსის ფასი გავაოთხმაგე და თქვენ წარმოიდგინეთ, მყიდველი შემოვიდა. ხალხი 20 ლარიან სამოსში 140-ს და მეტს დაუფიქრებლად იხდის. გაოცებული ვარ. სამოსი თურქეთიდან ჩამომაქვს, იქაურ კომპანიებთან ხელშეკრულება გავაფორმე. თუკი ხალხს მოსწონს მოტყუებული იყოს, რა პრობლემაა?! როცა დაბალი ფასები იყო, ცხვირს არავინ ყოფდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ფასდაკლების დროსაც კი მოგებას ვნახულობ”.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციების თქმით, საქართველოში პირატული ტექნიკა ძირითადად დუბაიდან და ჩინეთიდან შემოდის, ხოლო საქონელი და ჰიგიენური საშალებები - თურქეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან. სამწუხაროდ, ქვეყანაში კონტრაფაქტული და ფალსიფიცირებული საქონელის შემოტანა სახელმწიფოს მიერ არ კონტროლდება. შესაბამისად, არც არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება. დაზარალებული კვლავ მომხმარებელია, რომლის უფლებების დაცვა სამართლებრივადაც კი ნულის ტოლია.

ამ მხრივ უცხოეთში ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. შესაბამისი სამსახურები ფალსიფიცირებული საქონლის გამოვლენით არიან დაკავებული. თუმცა, პირატული საქონლის შეძენისგან არც იქაური მომხმარებელია დაზღვეული.

დარიკო იტალიის ქალაქ ბარიში ცხოვრობს... ”აქაც ძირითადად ჩინური საქონელია. იგივე ბრენდულ მაღაზიებშიც კი ჩინურებია, სამკერვალოებში ჩინელი მუშახელი ჰყავთ, რომლებიც სამოსს სხვადასხვა ბრენდის ეტიკეტს აკრავენ. რაც ბრენდია, ის ძალიან ძვირი ღირს. მსოფლიო კრიზისის ფონზე ბევრი ბრენდული მაღაზია დაიხურა. თუმცა, ჩინური საქონელი როგორც ჩვენთან არის უხარისხო, აქ ასე არ არის. ბევრად ხარისხიანია,” - ამბობს რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას.

ორგანიზაცია ”ანტიკორუფციული კავშირის” თავმჯდომარის, გია ბურჯანაძის თქმით, საქართველოში წლებია, რაც პირატული საქონელი თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოაქვთ. სახელმწიფო კი ამაზე დუმს.

გია ბურჯანაძე: თურქეთში, ჩინეთში უამრავი კომპანიაა, სადაც ნებისმიერი ბრენდის ეტიკეტს ამზადებენ და სამოსს აკრავენ. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ არის. ზოგადად, მსოფლიოს პრობლემაა. ბრენდული კომპანიები შემდეგ ამის გამო სასამართლოში ჩივიან. ჩვენგან განსხვავებით, საზღვარგარეთ სპეციალური სამსახურებია, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ. თუმცა, ევროპის ქვეყნებში ფალსიფიცირებულ საქონელს ბაზრის 20-25% უჭირავს. ამ მხრივ საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, ფაქტობრივად ბაზარზე საქონლის 80-90% პირატულია. ჩვენი ორგანიზაციის ორი თანამშრომელი თურქეთში, ერთ-ერთ სამკერვალოში იმყოფებოდა, სადაც სამოსს სხვადასხვა ბრენდების ეტიკეტს აკრავდნენ. მუშებად ქართველები ჰყავთ, ისინი კერავენ, ღებავენ, ხეხავენ ჯინსებს, ბრენდის ეტიკეტს აკრავენ და შემდეგ ბაზარზე გააქვთ. ამ გზით აყალბებენ ბრენდებს და აქ რომ ჰგონიათ ”არმანი” თუ სხვა ბრენდი შეიძინეს და თავს იწონებენ, სინამდვილეში ყალბია.

- კონტროლი არ მიმდინარეობს?

- არანაირი კონტროლი, ეს სფერო მიშვებულია. არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ პირატული საქონლის შემომტანი გარკვეულ თანხას უხდის ჩინოვნიკებს და ასე ხდება ბაზარზე შემოდინება. სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება პატენტი ვერსად აღმოაჩინო?!

- სამართლებრივად რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ მომხმარებელმა თავისი უფლებები დაიცვას?

- თუ საქონლის ღირებულება 11 ათას ლარს ან მეტს არ შეადგენს, საქმის წარმოება ვერ დაიწყება. აღნიშნული დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწინებს. თუმცა, მე არ მსმენია ვინმეს ეჩივლოს სასამართლოში და პროცესი მოეგოს.

მადონა კოიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის”თავმჯდომარე:

”დღესდღეობთ არანაირი ბერკეტი არ არსებობს იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლებები დაცული იყოს. სამწუხაროდ, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი არ არის. აქედან გამომდინარე, არანაირ ბერკეტზე საუბარი არ შეგვიძლია. მომხმარებელი დაზღვეული არ არის ბრენდის ნაცვლად იაფფასიან საქონლის შეძენისგან. საქართველოში არ არსებობს იმის პრაქტიკა, რომ მომხმარებელი ინფორმირებული იყოს, ბრენდულ საქონელს იძენს თუ ”პატენტს”. იგივე პრობლემაა თავის მოვლის საშუალებებზე, თმის საღებავები, შამპუნები, ბალზამები ფალსიფიცირებულია. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ეკონომიურ ზარალს ნახულობს, მისი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას.”

რესპოდენტის თქმით, ფალსიფიკაციისგან არც ერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. თუმცა, სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვით და შესაბამისი ბერკეტიც გააჩნდეს: ”საქართველოში კონტროლი მხოლოდ სურსათზე ხორციელდება. სამწუხაროდ, საბაჟოზე შემოწმება არ ხდება და ქვეყანაში ფალსიფიცირებული საქონელი შემოდის. საუბარია საკმაოდ ცნობილ ბრენდებზე, თუმცა მათ შეგნებულად არ დავასახელებ. ძირითადად ჩინეთიდან, ირანიდან, თურქეთიდან შემოაქვთ. მათი ხარისხი ძალიან დაბალია. ხშირად უთქვამთ მომხმარებლებს, რომ სხვა ქვეყანაში შეძენილი შამპუნი ხარისხიანი იყო, ხოლო საქართველოში იგივე დასახელების საქონელი, მკვეთრად განსხვავებულია. შემაშფოთებელია ინფორმაცია ”აიფონ+” ქსელის საქონლის შესახებ, რომელიც საერთოდ არ არის ”ეფლის” დისტრიბუტორი და საქონელი დუბაიდან შემოაქვთ”,- ამბობს მადონა კოიძე.

სალომე გოგოხია