„მოგება ვერ აკომპენსირებს ხარჯებს“ - როგორ აისახება სამშენებლო სექტორზე ინდექსაციის სისტემა

ტენდენცია ფასების ზრდის კუთხით მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ფიზიკურად არ ეყოფათ კომპანიებს რესურსი განახორციელონ პროექტები - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, კომპანია "ინ-სი"-ს გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა. ამით თოიძე მთავრობის მიერ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედდებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ სამშენებლო მასალების გაძვირების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სისტემა ადგენს კონკრეტულ ზღვრებს, რა ოდენობის თანხას აუნაზღაურებს კომპანიებს. დოკუმენტის თანახმად, ფასთა ინდექსაცია შეეხება სამუშაოების ღირებულების მაქსიმუმ 70%-ს, უშუალოდ ასანაზღაურებელი თანხა კი ამ დადგენილი ზღვრის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის წევრი, კომპანია "ინ-სი"-ს გენერალური დირექტორი, ზვიად თოიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან" ამბობს, რომ 7%-იანი ჩამკეტი ინდექსაციის დრო არასაკმარისია და მსოფლიოში მსგავსი პროგრამები ზედა ზღვარის გარეშე ხორციელდება.

მისივე თქმით, მშენებლობაში ჩართული ყველა კომპონენტი გაძვირებულია, ბაზრიდან კი, მუშახელის გადინება ხდება.

„რეალურად, ინდექსაცია საერთაშორისო ბაზარზე არ ითვალისწინებს ჩამკეტს. საერთაშორისო ბაზარზე როცა ინდექსაცია ხდება, არასოდეს არ არსებობს ზედა ზღვარი. ჩვენ კი, სახელმწიფომ დაგვიდგინა ზედა ზღვარი - 7%, რომელიც აბსოლუტრად არასაკმარისია. ეს ვერ შეუწყობს ხელს პირვანდელ მიზანს, სამშენებლო კომპანიების მიერ მშენებლობების დასრულებას. ტენდენცია ფასების ზრდის კუთხით მუდმივად მზარდია, შესაბამისად, ფიზიკურად არ ეყოფათ კომპანიებს რესურსი განახორციელონ პროექტები. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს რეგულირებული ბიზნესი, რომლითაც კომპანიას სახელმწიფოსთან მიმართებით 8%-ზე მეტი მოგება არ უნდა ჰქონდეს, ესეც მაქსიმალური მარჟაა. შესაბამისად, მოგება ვერ აკომპენსირებს ხარჯებს. აქ ვსაუბრობთ მხოლოდ მასალებზე.

გარდა ამისა, ყველა ვხედავთ და საკუთარ თავზე ვგრძნობთ, როგორ გაიზარდა საწვავის ფასი, რომელიც ასევე მშენებლობის ფასწარმოქმნაში ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალია ინფლაციის ზოგადი მაჩვენებელიც, რაც ხელფასებზე მოქმედებს, ანუ, სამივე კომპონენტი, სამშენებლო მასალებიც, საწვავიც და ხელფასებიც გაძვირებულია. ამ პირობებში როგორ უნდა იყოს რელევანტური 7% ჩამკეტი წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმასაც, რომ სექტორიდან კადრების გადინება მუდმივად ხდება“, - განაცხადა ზვიად თოიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი