ვის ეკუთვნის Top-10 კომპანია, რომელმაც მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე მეტი ფქვილი შემოიტანა

2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პარალელურად, თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-10 კომპანიის ჩამონათვალს, ვინც საქართველოში მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ოდენობით ხორბლის ფქვილის იმპორტი განახორციელა:

  • შპს აგროტრეიდი - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. წილის 100% კი გიორგი საბაური ფლობს.
  • შპს ბევრილი ჯგუფი - კომპანია 2001 წელს დარეგისტრირდა. თითქმის აბსოლუტური წილის მფლობელი ნერუ ჩანქსელიანია, რომელზეც 99.7%-ია რეგისტრირებული. ვალერიან თუთბერიძე 0.1%-ს ფლობა, გიორგი ზურაბიშვილი 0.08%-ს, ბახვა ქურდაძე კი, 0.04%-ს.
  • ინდ.მეწარმე - ზურაბ სოსიაშვილი
  • შპს ალფა - კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. წილის 100%-ის მფლობელი კობა კურდღელაშვილია.
  • შპს ბორანა -კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. წილის 51%-ს გურგენ გრიგორიანი ფლობს, 49%-ს კი გიორგი გუგულაშვილი.
  • შპს ეფ იქს თი ჯორჯია - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის წილის 100%-ს თამარა ბოლოთაშვილი ფლობს, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა.
  • შპს გიკა - კომპანია ასევე 2021 წელს არის რეგისტრირებული. წილის 100%-ს გიორგი კაციტაძე ფლობს.
  • შპს კალო 2020 - კომპანია 2020 წელს არის რეგისტრირებული. წილი კი თანაბრად 50-50%-ზეა განაწილებული ზვიად ნოზაძესა და ნოდარ გულიკაშვილზე.
  • შპს მარდი - წილის 50%-ს ნუგზარ ღონიაშვილი ფლობს, 50%-ს კი, ვალის ვასაძე. კომპანია 2011 წელს არის რეგისტრირებული
  • შპს მეტი - კომპანიას იგივე მფლობელები ჰყავს და წილის გადანაწილებაც ზუსტად ისეთივეა, როგორც „მარდის“ შემთხვევაში. წილის 50%-ს ნუგზარ ღონიაშვილი ფლობს, 50%-ს კი, ვალის ვასაძე.
  • აღსანიშნავია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ნუგზარ ღონიაშვილი მაისის დასაწყისში ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებდა, რომ ,,მარდიმ" ერთი თვეა საქმიანობა შეაჩერა, რადგან პროდუქტს ლიკვიდურ ფასში ვერ ყიდულობდნენ.
  • აღსანიშნავია, რომ საქსტატის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, კომპანიების რიგითობა შემთხვევითობის პრინციპით არის დალაგებული და არ არის იმპორტის მოცულობასთან კორელაციაში.
თამარ მუკბანიანი