"უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს"

პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, კარგად უნდა გაანალიზდეს ის ფაქტორები, რაც ლარის კურსზე გავლენას ახდენს, რათა მომავალში თავიდან იყოს აცილებული რყევები.

ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პერიოდმა დაადასტურა, რომ როდესაც პროცესი ღრმავდება, გარკვეული ნაბიჯები შესაძლოა ეფექტურად აღარ მოქმედებდეს. "ის ფაქტორები, რომელიც არის ვთქვათ დაკავშირებული იგივე ექსპორტთან, ინვესტიციებთან, გადმორიცხვებთან და ტურიზმთან, ახლა რა არის შიდა და რა არის გარე ფაქტორი? თეორიულად ყველა გარე ფაქტორად შეიძლება მიიჩნიო, მაგრამ ამავე დროს არსებობს ფაქტორები, რომელიც შენზეა დამოკიდებული, რომ შენთან მიბმული გახადო. იგივე შეიძლება ითქვას ამ შემთხვევაში ტურიზმზე. ქვეყანაზეა დამოკიდებული ერთის მხრივ, რამდენად უზრუნველყოფს სათანადო გარემოს ტურისტებისთვის, თუმცა გარე ფაქტორებიც არ გამოირიცხება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურისტების კლებაზე, ამავე დროს სავიზო პოლიტიკის პრობლემის გარდა, რომელმაც ნამდვილად გავლენა იქონია და მე მგონი ამაზე აღარავინ დაობს, ამავე დროს რუსი და უკრაინელი ტურისტების შემთხვევაც რომ ავიღოთ, ფაქტია, რომ ეს უფრო საგარეოს ჰგავს, ვიდრე შიდას. ინვესტიციებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, გარედან შემოდის და ერთის მხრივ შეიძლება თქვა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გავლენას მოახდენს, მაგრამ მეტია სამუშაო შიგნით. რაც შეეხება ექსპორტს, შიდაც არის და გარეც. ბუნებრივია, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ტიპის პროდუქციის წარმოება და ისეთი პოლიტიკის წარმოება, რომ ბაზარი იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული. მაგრამ რუსეთზე მიბმაზე როცაა საუბარი, რუსეთის წილი არ არის დიდი ამ შემთხვევაში ექსპორტში. რაც შეეხება ფაქტორს, რომელიც საერთოდ არ არის ამ შემთხვევაში ჩვენზე დამოკიდებული, ეს არის გადმორიცხვები, სადაც ძირითადი ე.წ. დონორი იყო რუსეთი და ყველა ეკონომიკური ლოგიკით ეს შემცირდებოდა", - განაცხადა აბაშიშვილმა.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომელიც აქამდე არ მიგვიყვანდა, აბაშიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც პრობლემა დგება, ადვილია იმაზე მსჯელობა რა შეიძლებოდა განეხორციელებინა ხელისუფლებას. "ალბათ უფრო აქტიური მუშაობა იყო საჭირო ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ალბათ უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით ყველა იმ შეზღუდვისა თუ თუნდაც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელების მიმართულებით, რომელსაც შესაძლოა ტურისტულ პოტენციალზე გავლენა მოეხდინა და უფრო მეტი უნდა გვემუშავა ბაზრების დივერსიფიცირებაზე... მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, უფრო ეფექტიანი პროგნოზირების სისტემა რომ გვქონდეს, უფრო მეტს შევძლებდით", - აღნიშნა აბაშიშვილმა.