საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს, რომელიც მათ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)" ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის 358,5 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 27,5 წლის ვადით. აღნიშნული ფინანსური რესურსით „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა" დაფინანსდება, რომლის მიზანია რეფორმების განხორციელება განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით. „ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, შედეგზე დაფუძნებული სესხი, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული ღონისძიებები განხორციელდება. გაწერილი იქნება ის კონკრეტული ინდიკატორები, რასაც უნდა მივაღწიოთ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები და ამ ინდიკატორების შესრულება გვარწმუნებს იმაში, რომ თითოეული ამ სექტორის მიმართულებით ხარისხი გაუმჯობესდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)" ითვალისწინებს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის 97,7 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 27,5 წლის ვადით აღნიშნული ფინანსური რესურსი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას მოხმარდება.

„კომიტეტის სხდომაზე „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)" N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება" განიხილეს. პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ღონისძიებების განხორციელებისთვის ბანკმა 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნული თანხით გათვალისწინებული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება; კერძოდ: გზების, წყალსადენების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და ა.შ. ამ ეტაპისთვის მთლიანი თანხიდან ჩამორიცხულია 80 მლნ. ევრო.

2022 წლის 31 მარტს ხელი მოეწერა არსებული ხელშეკრულების №2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას, რომელიც ეხება სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას 2022 წლის 30 ივნისამდე და ფინანსური ხელშეკრულების დანართი ბ-ს ცვლილებას, რომელიც LIBOR-სა და EURIBOR-ის განმარტებებს ეხება. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)" ითვალისწინებს ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას.

„შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი" განხორციელდება ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით, ევროკავშირის გრანტითა და საქართველოს თანადაფინანსებით. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების შენობების ენერგოეფექტურობის განახლება/მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.

„2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)" N1 ცვლილების შეთანხმება" ითვალისწინებს ბანკის მიერ საქართველოსთვის 5 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 10 წლის ვადით. ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტის მიზანია ბაკურიანისთვის საჭირო სპეცტექნიკისა და თანამედროვე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვა. სასესხო შეთანხმებაში შესატანი ცვლილები ითვალისწინებს პროექტის ფარგლებში არსებული დანაზოგით დამატებითი სპეცტექნიკის შეძენას და პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღის გადაწევას 2023 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს აზიის განვითარების ბანკის მიერ 43,8 მლნ. აშშ. დოლარის ოდენობის სესხის 24 წლის ვადით გამოყოფას.

მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და სარკინიგზო სადგურებთან ასევე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელ მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები მოიცავს პროექტის დახურვის ვადის გაგრძელებას 2024 წლის 31 აგვისტომდე და სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გაგრძელებას 2025 წლის 28 თებერვლამდე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.