საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრას უხელმძღვანელა

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროში ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე გაუძღვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ICAO-ს გენერალური მდივანი ხუან კარლოს სალაზარი და ამავე ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ნიკოლას რალო. ამასთან, შეხვედრას რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების, ევროკომისიის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის, EUROCONTROL-ის და IATA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოები, ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ორგანიზაციის ახალი კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ავიაციაში პანდემიის შემდგომი აღდგენის დინამიკა განიხილეს. ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის უარყოფით ზეგავლენას რეგიონის საჰაერო მოძრაობის ნაკადებზე და მთლიანად სექტორის ნორმალურ ოპერირებაზე.

ლევან კარანაძემ, საქართველოს სახელით და შეხვედრის თავმჯდომარის რანგში, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის დელეგაციას და დაგმო აღნიშნული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებები. თავის გამოსვლაში, სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ICAO-ს საბჭოს უკრაინისადმი მკაფიო და ურყევი მხარდაჭერის გამო, ასევე, ამავე კონტექსტში, აღნიშნა ის დანაკარგი რაც საერთაშორისო ავიაციის მთელმა სექტორმა განიცადა მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ხომალდის AN-225-ის განადგურების გამო.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან კარანაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრაში (DGCA/158), რომელიც ასევე ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას ისახავდა მიზნად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის, ICAO-ს, EASA-ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლებთან.

ლევან კარანაძემ პარტნიორებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტივობებზე და სააგენტოს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია.