Reuters - „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს უკრაინისთვის დახმარების სახით 15 მილიარდი ევროს გამოყოფაზე მოლაპარაკება სურთ

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის სახით 15 მილიარდი ევროს გამოყოფაზე მოლაპარაკება სურთ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, G7-ის ფინანსთა მინისტრები აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე კვირას ბონში ჩანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

გერმანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, დახმარება ძირითადად გრანტების სახით გაიცემა, რომლებიც, სესხებისგან განსხვავებით, არ საჭიროებს დაფარვას. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების პროგრამა საჭიროა, რადგან უკრაინის შემოსავლები შემცირდა.

შეერთებულმა შტატებმა უკვე შესთავაზა დახმარების ნახევარი 7,5 მილიარდი დოლარის გრანტის სახით, დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ G7 მინისტრებს სურთ შეთანხმდნენ ერთობლივ კომუნიკეზე მომავალ შეხვედრაზე.