ხე-მცენარეების უკანონო ჭრებისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების უკანონო მოჭრის და დაზიანების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, უკანონო ჭრებისთვის - ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება.

მისივე ინფორმაციით, აიკრძალება მშენებლობის დაწყება იმ ადგილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, ასევე მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებართვის მფლობელს. როგორც კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული რეგულაციების დროულად უზრუნველსაყოფად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს საკანონმდებლო პროექტის წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე დაევალება.

„ყველამ ძალიან კარგად იცით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს რეკრეაციული სივრცეების არსებობას ქალაქში და რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მსგავსი მწვანე სივრცეების არსებობას, რეაბილიტაციას, განახლებას და ჩანაცვლებას. გვაქვს სერიოზული პრობლემები, მიმდინარეობს სანიტარული ჭრები და აღნიშნული სკვერები თუ პარკები როგორც თბილისელების, ასევე ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად ფიქსირდება უნებართვო ჭრები, მიზანმიმართული ხეების დაზიანება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. გვინდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები, მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით მოვახერხებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას.

შემოთავაზებული ცვლილებით გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის - გაიზრდება ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე, განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარიდან 10 000 ლარამდე გაიზრდება. ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ვერ დგინდება მოჭრილი ხის სახეობა, გათვალისწინებული იყო მხოლოდ 500 ლარიანი ჯარიმა, წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული თანხა გაიზრდება და თითოეული ნარგავისთვის ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5000 ლარი, ასევე გასამმაგდება ზიანის გამოთვლისთვის დადგენილი კოეფიციენტები.

იმ ადგილზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა დაეკისრება ნებართვის მფლობელს. გვაქვს შემთხვევები, როდესაც სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის ხდება ნარგავების მოჭრა, წინასწარ ჭრიან, აფუჭებენ ხემცენარეს და შემდეგ ითხოვენ ნებართვის მიღებას. რა თქმა უნდა, არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა, სადაც წინასწარ იქნება დაზიანებული ან მოჭრილი ხე-მცენარეები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, კანონმდებლობის გამკაცრება შეეხება საექსპერტო დასკვნებსაც და იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტი ჯანსაღ ხე-მცენარეზე არასწორ დასკვნას წარადგენს, თავდაპირველად დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში საქმიანობა შეუჩერდება.

„აქვე უნდა აღინიშნოს ძალიან ცუდი მდგომარეობა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით, სრული კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით. აქაც გამკაცრდება კანონმდებლობა, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას და ჯანსაღ ხე-მცენარეებზე დაიწერება დასკვნა, თითქოს არის მოსაჭრელი ან ცუდ მდგომარეობაში, დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით შემთხვევაში შეუჩერდება საქმიანობა და ვერასდროს დაუბრუნდება ამ საქმიანობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.