რუსულ ენერგორესურსებზე ევროკავშირი უარს 2027 წელს იტყვის

ევროპულმა კომისიამ დღეს ოფიციალურად წარმოადგინა 210 მლრდ ევროს გეგმა, რომელიც 2027 წლიდან რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ი საპროექტო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

მოცემული გეგმა სამი ეტაპისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ბრიუსელი აპირებს, უარი თქვას რუსულ გაზზე, დააჩქაროს განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესი და ამავდროულად, გაზარდოს ძალისხმევა ენერგიის დაზოგვისკენ.

სააგენტოს ცნობით, გეგმის მიხედვით გაიზრდება გაზის მიღება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის გათხევადებული სახით. ახალ იმპორტიორებს შორის კი სახელდებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ეგვიპტე, ისრაელი და ნიგერია.

რაც შეეხება განახლებად ენერგიაზე გადასვლას, გეგმის მიხედვით ევროკავშირი უკვე 2030 წლისთვის დაისახავს მიზნად წლიურად 10 მლნ ტონა განახლებადი წყალბადი აწარმოოს, ხოლო დამატებით 10 მლნ ტონის იმპორტი განახორციელოს, იმისათვის რომ მრეწველობაში ჩაანაცვლოს გაზი. ამასთან, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიიდან მიღებული ენერგიაზე უნდა მოვიდეს 45%. მათ შორის, ფართო გამაყენება ექნება მზის ენერგიას, რა მიზნითაც ყველა საჯარო უწყების შენობაზე 2025 წლიდან უნდა დამონტაჟდეს მზის პანელები.

გარდა ამისა, 2030 წლისთვის ევროკავშირი 13%-ით შეამცირებს ენერგიის ხარჯვას.

ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირი რუსეთიდან იღებს გაზის 40%-ს, ნავთობის 27%-ს და ნახშირის 46%-ს.

კოკა კვირკველია