CNN - აშშ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის მოლაპარაკებებში მონაწილეობს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ევროპულ ქვეყნებთან ერთად ცდილობს შემუშავოს მარშრუტები, რომლითაც შესაძლებელი გახდება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრისთვის მიწოდება. ამის შესახებ CNN საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის მონაცემებით, შესაძლო ვარიანტებს შორის სახელდება ზღვით გატანა, ასევე ჰაერითა და ხმელეთით რკინიგზის მეშვეობით. ეს ვარიანტები მუშავდება იმის მიუხედავად, რა პოზიცია აქვს რუსეთს.

წყაროს ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ ადრეა, ვინაიდან პირობები და მოცემულობა მუდმივად იცვლება.

შეგახსენებთ, იმის გამო, რომ ექსპორტი ვერ ხორციელდება, უკრაინაში არსებული ხორბლის საცავები გადავსებულია, შესაბამისად, ქვეყანა ვერ მოახერხებს ახალი მოსავლის დაბინავებასაც. აღნიშნული კი თავის მხრივ, გავლენას ახდენს მსოფლიოში ხორბლის ფასის ზრდაზე, ხოლო გაეროს მონაცემებით, თუ უკრაინული ხორბალი ექსპორტზე ვერ გავიდა, ამან შეიძლება მილიონობით აფრიკელი შიმშილის ზღვრამდე მიიყვანოს.

კოკა კვირკველია