გერმანელებს ლუდის ბოთლები ელევათ

გერმანული ლუდსახარშები გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებენ, რომ ამ ზაფხულს შესაძლოა, ლუდის ბოთლების დეფიციტი შეექმნათ, რის მიზეზადაც წარმოების გაზრდილ ხარჯებსა და სატვირთო მანქანების მძღოლების უკმარისობას ასახელებენ.

გერმანიის ლუდსახარშების ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოლგერ ეიხელმა გერმანულ გაზეთ Bild-ს განუცხადა, რომ სიტუაცია „უკიდურესად რთულია.“ მისი თქმით, მინის ბოთლების დეფიციტი ძირითადად მცირე და საშუალო ლუდსახარშებს შეეხება.

ინფლაციის გამო ახალ შუშის ბოთლებში ლუდსახარშებს 80%-ით მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე ერთი წლის წინ იხდიდნენ. შესაბამისად, იზრდება ლუდის ღირებულებაც. დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი არის ენერგიაზე ფასების ზრდა, რაც მინის ბოთლების წარმოების ღირებულებას ზრდის.

ამასთან, როგორც ჰოლგერ ეიხელი აცხადებს, სატვირთო მანქანების მძღოლების ნაკლებობა მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებას ართულებს, რის შედეგადაც გასულ წელს ახალი მინის ბოთლების ღირებულება, თითქმის, გაორმაგდა.

ამდენად, გერმანელები პროგნოზირებენ, რომ მათ მიერ წარმოებული ლუდის ღირებულება შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს, რაც მეტწილად ენერგიაზე ფასების ზრდის ბრალია.

ეიხელი ვარაუდობს, რომ ბოთლების დეფიციტი ყველაზე მეტად პატარა ლუდსახარშებს დააზარალებს, რადგან მსხვილი კომპანიები, როგორც წესი, პირველ რიგში მარაგდებიან.

მისი თქმით, საუკეთესო რამ, რაც გერმანელ მომხმარებელბს შეუძლიათ, გააკეთონ, არის ის, რომ მინის ბოთლები საცალო მოვაჭრეებს რაც შეიძლება, სწრაფად დაუბრუნონ და „ცარიელი ტარები სარდაფში არ დააგროვონ.“

გერმანიაში მეტად გავრცელებული შუშის ბოთლები მცირე დეპოზიტით იყიდება და მოელიან, რომ ლუდის მომხმარებლები მათ უფრო აქტიურად დაუბრუნებენ მაღაზიებს, თუკი ლუდს გარკვეული შეღავათით შეიძენენ. თუნუქის ქილები, რაც მსოფლიოში გავრცელებულია, გერმანიაში გაცილებით ნაკლებად გამოიყენება. ბევრი გერმანული ლუდსახარში სპეციალურ მინის ბოთლსაც იყენებს, რომლის ჩანაცვლებაც რთულია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ