დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურსა და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, მხარეები ითვალისწინებენ და მხედველობაში იღებენ, როგორც სადაზღვევო სექტორის მნიშვნელობას საქართველოს ეკონომიკაში, ასევე დაზღვევის სექტორის სტაბილურობის უზრუნველყოფის და რისკების თავიდან აცილების მიზნით ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეთანხმების მიზანია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურსა და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციას შორის დაზღვევის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავება შემდეგი მიმართულებებით:

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე შემუშავებული სადაზღვევო სისტემისა და სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია/შემდგომი სრულყოფა;

დაზღვევის ნორმატიული ბაზის დახვეწა ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით;

საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტების მომზადება;

სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის ინფორმირებულობისა და დაცულობის გაზრდა;

სადაზღვევო ურთიერთობებში მომხმარებლის დაცულობისა და კომფორტულობის ასამაღლებლად, დაზღვევის ყველა სახეობაში დაზღვეულებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფი და ეფექტური მორიგება;

სადაზღვევო საქმიანობაში მაღალი პროფესიული სტანდარტების შემუშავების, დანერგვის და პროფესიული სერტიფიცირების სისტემის ხელშეწყობა ISO 9001 საფუძველზე;

დაზღვევის სფეროში წარმოქმნილი ისეთი პრობლემური შემთხვევების, პოტენციური რისკების, გამოწვევებისა და განვითარების სცენარების განხილვა, რომელთაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინონ მთელ სფეროზე.

შეთანხმების ფარგლებში მხარეები თანამშრომლობენ პროექტების განხორციელების, ინფორმაციის რეგულარული გაცვლის და ანალიზის მეშვეობით.