მსოფლიო ბანკი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 50 მლნ დოლარის ღირებულების პროექტს იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პიტერ გუდმანს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ეგიდით განსახორციელებელი "საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი" განიხილეს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 50 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, პიტერ გუდმანმა აღნიშნა, საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი მოიცავს ორ კომპონენტს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და მიწის ბაზრის განვითარება. პროექტის ძირითად მიზანს საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია და გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, დაგეგმილია ქვემო სამგორის, ზედა რუს და ტბისი კუმისის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. პრაქტიკული სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება და, სავარაუდოდ, ორ წელიწადში სამივე სარწყავი სისტემა სრულად რეაბილიტირებული იქნება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მსოფლიო ბანკი 31 მლნ ლარამდე გამოყოფს. შეხვედრას გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხელმძღვანელი ლევან დვალი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრნენ.