ლარსის საბაჟოზე, რუსეთის მხრიდან ათეულობით ტრაილერია გაჩერებული

"პრობლემები ექმნება ე.წ. გრუპაჟულ ტვირთებს, ისეთ ტვირთებს, როდესაც ერთ ტრაილერში სომხური და ქართული ტვირთი ერთად დევს"

ლარსის საბაჟოზე, რუსეთის მხრიდან ათეულობით ტრაილერია გაჩერებული - ამის შესახებ bpn.ge-ს იმპორტიორი კომპანიის B2B-ის წარმომადგენელმა ლევან ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ტვირთების გადაზიდვის პრობლემები სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლამ განაპირობა, რამაც რუსეთსა და სომხეთთან ურთიერთობებში ამ თვალსაზრისით ახალი რეგულაციები დააწესა.

როგორც ლევან ფანჯიკიძე განმარტავს, პრობლემები ექმნება ე.წ. გრუპაჟულ ტვირთებს, ისეთ ტვირთებს, როდესაც ერთ ტრაილერში სომხური და ქართული ტვირთი ერთად დევს. "სომხეთი ევრაზიულ კავშირში 1 იანვრიდან შევიდა, თუმცა ამ პრობლემების წინაშე ახლა დავდექით. ახალი წლის პერიოდში შესყიდვები არ ხდებოდა და ტვირთების წამოღება არ იყო აქტუალური. ახლა უკვე იმპორტი აქტუალურ ფაზაშია შესული, როგორც სხვა ქვეყნებთან, ასევე რუსეთთან და მანქანები, რომლებიც ახლა მოადგნენ საბაჟოს ამ პრობლემის წინაშე დადგნენ", - აცხადებს ფანჯიკიძე.

იმპორტიორების განმარტებით, სანამ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი გახდებოდა, რუსეთიდან შემოსული ტვირთვი უპრობლემოდ შემოდიოდა საზღვარზე, მანქანა შედიოდა თბილისის საბაჟოზე, ტოვებდა ტვირთს და აგრძელებდა სომხეთში გზას. "როდესაც რუსული მხარე დაბაჟებას აკეთებს ტვირთის, ანუ ადებს ე.წ. პლომბს მანქანას, მინიმუმ უნდა გააფრთხილოს გადამზიდავი, რომ მანქანა სომხური და ქართული ტვირთით, ვეღარ გადავა საბაჟოზე. ეს რუსული მხარეა და მათი კომპეტენციაა. არ გამოვრციხავ იმასაც, რომ არც არიან ინფორმირებული და დაუდევრად აკეთებენ ამ ყველაფერს. ლარსზე, რუსეთის მხარეს, ათეულობით მანქანა არის გაჩერებული მსგავსი პრობლემის გამო", - განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, სატრანსპორტო კომპანიები და იმპორტიორი კომპანიებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. "ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი. გავუშვით ახალი მანქანა ლარსზე, ჩავტვირთეთ ამ მანქანაში ტვირთი და რუსეთიდან, ფაქტობრივად ჩვენი ძალებით მოგვიწია ტვირთის წამოღება. თუმცა, იმპორტიორი კომპანიებისთვის ეს დამატებით ხარჯებთან და დროის რესურსთან არის დაკავშირებული. ეს ხარჯი კი ცოტა ნამდვილად არ არის. ჩვენ მივედით რუსეთის საბაჟოზე, მოხდა ლუქის მოხსნა, გამომგზავნ კომპანიასაც კი მოუწია ექსპორტის ხელახლა გაკეთება, რაც გამოგზავნისთვის დამატებითი ხარჯებია. თავიდან გადაიხადა საბაჟო ხარჯები, ანუ ფაქტობრივად თავიდან გაკეთდა ექსპორტი", - განაცხადა ლევან ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ტვირთების გადმოტანას საქართველოს საბაჟოზე არანაირი პრობლემა არ შექმნია."ქართულ მხარეზე ყველაფერი ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა ორ ქვეყანას შორის ახალი რეგულაციების ამოქმედების გამო ჩვენ ვზარალდებით",- აცხადებს ფანჯიკიძე.

თეა ბითაძე