დოლარი მეზობელი ქვეყნების ვალუტებთანაც მყარდება

ლარის გაუფასურების ფონზე, ეკონომიკის ექსპერტები დოლართან მიმართებაში მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე საუბრობენ.

"საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ნუცა თოხაძემ BPN-თან მიმოიხილა, როგორ იცვლებოდა ბოლო 6 თვის განმავლობაში სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში. სტატისტიკური მონაცემებით ჩანს, რომ აზერბაიჯანის გარდა დოლარი ყველა ქვეყანაში გამყარდა. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან, ყველაზე მეტად დოლართან მიმართებაში უკრაინული გრივნა გაუფასურდა. 2014 წლის 20 სექტემბრიდან დღემდე უკრაინის ეროვნული ვალუტა 108%-ით გაუფასურდა. ამავე პერიოდში რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 61.6%-ით გაუფასურდა, ქართული ლარი 24.8%-ით, სომხურმა დრამმა კი 17%-ით განიცადა დევალვაცია, ხოლო თურქულმა ლირამ 10%-ით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზერბაიჯანულ მანათს კურსის ვარდნა არ განუცდია.

ნუცა თოხაძე საქართველოში ლარის გაუფასურების მიზეზად გარე და შიდა ფაქტორებს ასახელებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გარე ფაქტორებმა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების დევალვაციაშიც იჩინა თავი და ერთ-ერთი განმაპირობებელია გაუფასურების, თუმცა არის თუ არა ჩართული ამ პროცესში შიდა ფაქტორები, როგორც თოხაძე განმარტავს, ამისთვის საჭიროა სიღრმისეული გამოკვლევა ამ ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის.

"ჩვენ შემთხვევაში ლარის ასე გაუფასურება საკმაოდ მძიმედ აწევს ქვეყანას და აქედან ყველაზე მეტად ზარალდება ის ხალხი, ვისაც შემოსავლები ლარში აქვს, ვალდებულებები კი დოლარში. დავზარალდით ყველა, რადგან ფასებმაც მოიმატა, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კატასტროფულად მაღალი არ არის. თუმცა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მცირედი ფასების მატების მიმართაც საზოგადოება ძალიან სენსიტიურია, რადგან სიღარიბის მაჩვენებელი ჩვენთან საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ლარის კურსი კარგად ასახავს ხოლმე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ლარის ასეთი გაუფასურება მიუთითებს, რომ ეკონომიკაში ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარებასაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება", - აცხადებს თოხაძე.

თურქეთი, რუსეთი და უკრაინა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე განმარტავს, რომ სამივე ქვეყანას ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, რაც პირდაპირ აისახება ლარის კურსზე.

"რუსეთის და უკრაინის პრობლემები იდენტურია და გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით და საერთაშორისო პრესინგის პოლიტიკით რუსეთთან მიმართებაში. ორივე ვალუტა - გრივნაც და რუბლიც, მნიშვნელოვნად უფასურდება და ეს ძალიან ნეგატიურად აისახება საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებზე. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გართულება ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. თურქეთის ვითარება ცოტა განსხვავებულია. თურქეთში ლირას გაუფასურების პროცესი არ არის განპირობებული მსოფლიო გლობალური ეკონომიკური პროცესებით, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა თურქეთის ხელისუფლების. თურქეთის ხელისუფლება აწარმოებს ეროვნული ვალუტის ხელოვნურ დევალვაციას და ახდენს ინფლაციის სტიმულირებას, რათა ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება წახალისდეს. რუსეთ-უკრაინისა და თურქეთის საკითხები ამ მიმართულებით განსხვავებულია, მაგრამ ჩვენთვის შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება. თურქეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და როდესაც ლირა უფასურდება ეს ნეგატიურად აისახება ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობაზე. ჩვენი ექსპორტის მაჩვენებელი ამ ქვეყნებში იკლებს და იზრდება იმპორტის მაჩვენებელი. როცა ექსპორტი იკლებს და იმპორტი იზრდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოდან გაედინება გაცილებით მეტი დოლარი, ვიდრე ქვეყანაში შემოედინება. დოლარის გასვლა-შემოსვლა განმსაზღვრელი ფაქტორია ლარის კურსის. ლარის პრობლემები განპირობებულია სწორედ იმით, რომ საქართველოში უცხოური ვალუტისა და ლარის მასებს შორის თანაფარდობა დარღვეულია. აქედან გამომდინარე, ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად აზარალებს თავად ეკონომიკას და მნიშვნელოვნად აძვირებს ცხოვრებას. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს ფიქსირებული, მათთვის მნიშვნელოვნად დამძიმდა ცხოვრების დონე. ამ სამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა", - განმარტავეს ეკონომიკის ექსპერტი.

ლექსო ნაბახტეველი