ამერიკელი ტრენერი და ლექტორი ბრაიან თრეისი თბილისში მასტერკლასს მართავს

საქართველო 70-ე ქვეყანაა, სადაც ბრაიან თრეისი საკუთარ რჩევებს უზიარებს შეკრებილ აუდიტორიას

ცნობილი ბიზნესკონსულტანტი, გაყიდვების გურუ, თვითრეალიზაციისა და ლიდერობის თემაზე დაწერილი უამრავი წიგნის ავტორი, ბრაიან თრეისი თბილისში მასტერკლასს ატარებს. "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში ბრაიან თრეისი 350-მდე მსმენელისთვის მასტერკლასს გაყიდვებისა და ლიდერობის თემაზე მართავს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტრენერი და სპიკერი თბილისს პირველად ეწვია.

ამერიკელი ბრაიან თრეისი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია Brian Tracy International-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელია, რომელსაც მსოფლიოს 31 ქვეყანაში აქვს ფილიალი. მარკეტინგში, ეკონომიკაში, მენეჯმენტსა და ფსიქოლოგიაში ჩატარებული 25-წლიანი კვლევის შედეგად, ბრაიან თრეისი მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტია ბიზნესის წარმატებით მართვასა და პირადი განვითარების საკითხში. ის ისეთ სახელოვან კომპანიებსა და ბრენდებს უწევს კონსულტაციებს, როგორებიც BMW, IBM, Hayatt Hotels, Ritz Carlton, Toyota, Nissan, Mercedes Benz, Bank of America, Ernst & Young-ი და სხვა ცნობილი მსოფლიო ბრენდებია.

კარიერის განმავლობაში, ბრაიან თრეისიმ 4 500-ზე მეტი სემინარი გამართა მსოფლიოს 500-ზე მეტი კომპანიისთვის, ყოველწლიურად კი მის ლექციებსა და ტრენინგებს 350 ათასი ადამიანი ესწრება. ბრაიან თრეისი ავტორია ისეთი ბესტსელერების, როგორებიცაა "ჩვევები მილიონ დოლარად", "მაქსიმალური წარმატება", "მართე შენი დრო და გაიორმაგე შედეგები" და სხვა. მისი წიგნები თარგმნილია 20 ენაზე.

საქართველო 70-ე ქვეყანაა, სადაც ბრაიან თრეისი საკუთარ რჩევებს უზიარებს შეკრებილ აუდიტორიას. ღონისძიება კომპანია "სითი კონსალტინგის" ორგანიზებითა და "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" წარდგინებით ხორციელდება, პლატინის სპონსორი კი ციფრული მარკეტინგის სააგენტო mCloud-ია (mcloud.ge).

ბრაიან თრეისის მასტერკლასის ერთ-ერთი საინფორმაციო მხარდამჭერია "პალიტრა მედია ჰოლდინგში" შემავალი ბიზნეს და ეკონომიკური პორტალი bpn.ge.