რას გვირჩევენ ექსპერტები ლარის გაუფასურების დროს?

”ფასების მატება 10 დან 20 პროცენტამდე მერყეობს”

თუ ახალ წლამდე მოსახლეობას 1 კილოგრამი კარტოფილის შესაძენად საშუალოდ 80 თეთრი სჭირდებოდა, დღეს ეს თანხა ერთ ლარამდეა გაზრდილი. ფასებმა მოიმატა როგორც ხილ-ბოსტნეულზე, ასევე ხორც-პროდუქტებსა და რძის ნაწარმზე. მათ, ვისაც ოჯახისათვის საყიდლებზე სიარული კვირაში რამდენჯერმე უწევთ ამბობენ, რომ ფასების მატება თითქმის ყველა სახის პროდუქტზე შეინიშნება, გარდა პურისა.

ფასების მატებას პროდუქტზე ადასტურებენ სავაჭრო ობიექტებშიც. მათი თქმით, ფასების მატება 10 დან 20 პროცენტამდე მერყეობს. როგორც მომხმარებელი, ასევე პროდუქციის რეალიზატორები ფასების მატებას ლარის კურსის ცვლილებას უკავშირებენ.

ირმა ჭთანავა, მაღაზიის გამყიდველი:

„შეიძლება ითქვას, რომ ფასები სხვადასხვა სახის პროდუქტზე ყოველდღიურად ეტაპობრივად იზრდება. მაგალითად, დღეს 3-4 ლარით მოიმატა ერთი ტომარა შაქრის ფასმა. ეს საცალო ვაჭრობაზე ბუნებრივია აისახება და კილოგრამი შაქარი შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს. გარდა ამისა, ფასები მომატებულია ძირითადად იმპორტირებულ პროდუქციაზე.“

ფასის მატება შეინიშნება არა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქტზე, არამედ საოჯახო ტექნიკაზეც. ამ შემთხვევაშიც ფასების ზრდას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ. კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიაში აცხადებენ, რომ ლარის კურსის ცვლილებამ და პროდუქციის გაძვირებამ კლიენტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა”.

ბექა ბეჟუაშვილი, კომპიუტერულ კომპანია “ჯეობიტის” მენეჯერი: „ზოგადად ტექნიკაზე ფასები 15-20 პროცენტით გაიზარდა. ჩვენ ჯერჯერობით ფასები არ შეგვიცვლია, თუმცა სამწუხაროდ ლარის კურსის ვარდნა თუ გაგრძელდა, ფასების მომატება ჩვენც მოგვიწევს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები ჯერ მომატებული არ არის, მოსახლეობის აქტიურობა ფაქტობრივად განახევრებულია.“

რა „ძალა“ აქვს ლარს , როგორია მისი მსყიდველობითი უნარი და რას ურჩევენ ეკონომისტები ამ ვითარებაში მომხმარებელს? - ამ საკითხებზე კომენტარი ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ლევან კალანდაძეს ვთხოვეთ.

ლევან კალანდაძე: „ლარის მსყიდველობითი უნარი და მისი სიძლიერე მის კურსში გამოიხატება. კურსის მერყეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მყარია ლარი. ლართან დაკავშირებული პრობლემები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკაში გვაქვს პრობლემები. დღეს არსებული ლარის პრობლემა კი არის ლოგიკური ასახვა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული გარკვეული სირთულეებისა. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი რჩევა არის დაგვიანებული. ყველა ქმედება და პრევენციული ქმედება მოსახლეობას მანამდე უნდა მიეღო, სანამ ლარი გაუფასურდებოდა, ანუ დაახლოებით ნოემბრის თვეში.

მოსახლეობის უმეტესობას შემოსავალი აქვს ლარში - ისევე როგორც ხელფასის სახით, ასევე შემწეობების, ან პენსიების სახით. შესაბამისად ლარის დევალვაცია, ანუ მისი მსყიდველუნარიანობის დაკარგვა იმ ტიპის ქვეყნებში როგორიც საქართველოა, რომლის სამომხმარებლო კალათის დაახლოებით 70 პროცენტი იმპორტირებულ პროდუქტზეა დამოკიდებული, რაიმე სახის რჩევა და პრევენციული ღონისძებების გატარება წარმოუდგენელია.

საქართველოში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის სოციალურად დაუცველი და მათ დანაზოგები არ აქვთ. ეს ადამიანები პრაქტიკულად თვიდან თვემდე, ხელფასის ან პენსიის მოლოდინში არიან. ხელფასის ან პენსიის თუნდაც კონვერტირება მყარ ვალუტაში დღეისათვის მათთვის რეალურად არაფრის მომცემი არ იქნება. მათ კი ვისაც დიდი შემოსავალი და დანაზოგი აქვთ, ეს პრობლემა მათთვის მოხსნილია, რადგანაც დანაზოგი ძირითადად დოლარში აქვთ და შესაბამისად მათ დანაკარგი პრაქტიკულად არ აქვთ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დევალვაციის პროცესს თან ახლავს ყოველთვის ჯერ ნეგატიური მოლოდინი და შემდეგ უკვე რეალობაში განხორციელებული ნეგატიური პროცესი, ანუ ცხოვრების გაძვირება, ეს შეეხება პრაქტიკულად ყველას - მათაც ვისაც შემოსავალი ლარში აქვთ და მათაც ვისაც შემოსავალი დოლარში აქვთ.

აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სესხის დოლარში აღების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოში, ლარის დევალვაციით გამოწვეული სიმძიმე კიდევ უფრო პრობლემურ სახეს მიიღებს. მაგალითისათვის რომ განვიხილოთ ადამიანი, რომელიც თვის განმავლობაში სასესხო მომსახურებისთვის იხდიდა 100 დოლარს და ეს ასი დოლარი შეადგენდა 176 ლარს, დღეს იგივე საბანკო ტრანზაქციის განხორციელებისთვის ამ ადამიანს სჭირდება უკვე 200 ლარზე მეტი.

ვითარების გამოსასწორებლად ჩვენი ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი უნდა გვქონდეს, რასაც სამწუხაროდ დღეს ვერ ვხედავ. ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, ანუ რაღაც გარკვეული ინსტრუმენტები გამოიყენა. მეორე, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, რომელიც ასევე აქტიური უნდა იყოს, საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ერთიანი პოლიტიკა ქვეყანაში, რომელიც მიმართული იქნება ლარის გამყარებაზე, პრაქტიკულად არ არსებობს.“

ჯონი პატარკაციშვილი

იხილეთ სიუჟეტი