სუპერმარკეტებში მორიგი გაძვირებისთვის ემზადებიან

სასურსათო მაღაზიების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ პროდუქტზე არსებული ფასი ორშაბათამდე ვერ მიაღწევს. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დევალვაციას ასახელებენ. მათი ინფორმაციით, დისტრიბუტორებს პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოაქვთ, რის გამოც ვითარების კონტროლს უკვე ვერ ახერხებენ.

ცვლილება, პირველ როგში, იმპორტულ ნაწარმზე აისახება. ბოლო დრომდე ერთ-ერთი გამონაკლისი იყო მარცვლეული, რომლის ღირებულება მსოფლიო ბაზრებზეც მცირდება და მოვაჭრეები ფასის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებენ, თუმცა ბოლო ორ-სამ დღეში თითქმის ყველა დასახელების მარცვლეული დაახლოებით, 30-50 თეთრის ფარგლებში გაძვირდა.

სამომხმარებლო ბაზარს თუ გადავხედავთ, გარკვეული ცვლილება ნამდვილად იგრძნობა. იმპორტულთან ერთად, ცოტათი მოიმატა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასმაც. გამონაკლისია კარტოფილი, ხახვი, მწვანილი და ციტრუსი. გარკვეული ფაქტორიდან გამომდინარე, გაიაფდა ხორცი, თუმცა რძის პროდუქტები გაძვირდა, მათ შორის სოფლის რძე. ბოლო დრომდე 1 ლიტრი ყველა სავაჭრო ობიექტში 2 ლარად იყიდებოდა, ამ ეტაპზე კი 50 თეთრით გაძვირდა და 2,50 ლარი შეადგინა.

”რეზონანსის” მიერ გამოკითხულთა შორის ერთადერთი აღმოჩნდა სუპერმარკეტ ”განთიადის” მფლობელი, რომელიც გაძვირებას ჯერჯერობით არ აპირებს. ინდმეწარმე ზოია ჩოხუას თქმით, რეალიზაცია იმდენად შემცირდა, რომ მცირე გაძვირებითაც შეიძლება მომხმარებელი საერთოდ დაკარგოს და მაღაზია დახურვის პირას აღმოჩნდეს.

”კატასტროფულ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა, ვაჭრობა თითქმის აღარ არის. მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასი შევინარჩუნოთ, მაგრამ როდემდე გვექნება ამის შესაძლებლობა, ვერ გეტყვით. ხალხი მაინც უკმაყოფილოა. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი არ გავაძვირეთ, მაღაზიის რეალიზაცია მკვეთრად შემცირდა. დაწესებული აქციზის გამო სპირტიანი სასმელი ისედაც გაძვირდება. ცუდ დღეში ვართ, კურსმა პირწმინდად დაგვაზარალა და პრობლემა ყველა ოჯახს შეეხო. კოლეგებს საქმიანობის გაგრძელება უჭირთ, დახურვის პირას არიან. მდგომარეობა თუ არ გამოსწორდა და ლარი არ დასტაბილურდა, ჩვენც იგივე გველოდება”, - ამბობს შეშფოთებული ინდმეწარმე.

მაღაზია ”არანისის” მენეჯერის ინფორმაციით, დისტრიბუტორებს პროდუქტის ნაწილი გაზრდილ ფასში შემოაქვთ. ”ყოველდღიურად იცვლება ვითარება, დისტრიბუტორები ხან რას გვიძვირებენ, ხან რას. არის რამდენიმე დასახელების პროდუქტი, რაზეც ფასი შენარჩუნდა. ეს უფრო ადგილობრივი წარმოების სურსათია, იმპორტული ძალიან გაძვირდა”, - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

მომხმარებლის უკმაყოფილებაზე საუბრობს ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტის მენეჯერი. ლევან ფაილოძის თქმით, არსებული ფასი ორ დღესაც ვერ გასტანს.

”ყველაფერი ძვირდება, რეალიზაცია კი მკაცრდება. ხალხი მაქსიმალურად ცდილობს, იაფ პროდუქტზე გადავიდეს, ძვირი საკვები თითქმის აღარ იყიდება. მომხმარებელიც უკმაყოფილოა და ჩვენც. მარტო იმპორტული ნაწარმი რომ ძვირდებოდეს, კიდევ ჰო, მაგრამ უკვე ადგილობრივზეც მატულობს ფასი. გუშინ დილით დისტრიბუტორებისგან ჩაი ”მარიამი” 2,30 ლარად შევიძინეთ. რამდენიმე დღის წინ ეს ამ პროდუქტის გასაყიდი ფასი იყო. იძულებული გავხდით, 20 თეთრით გაგვეძვირებინა. ყოველდღიურად ცვლილებებია. ახლაც იმაზე ვმსჯელობთ, თუ რა მაჩვენებლით შევძლებთ საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფასის მომატებას. იძულებულნი ვართ ამ ღონისძიებას მივმართოთ. უკვე ორშაბათიდან მომხმარებლისთვის სხვა ტარიფები გვექნება. ლარის კურსმა სტაბილურობის შეგრძნება დაგვიკარგა”, - ამბობს ლევან ფაილოძე.

”ახალი პარტიის შემოსატანად ვემზადებით. ცხადია, მისი შესყიდვა არსებული ფასით არ მოხდება და გარკვეული პროდუქტის გაძვირება მოგვიწევს. ჯერჯერობით მიჭირს დაკონკრეტება, რა შეიძლება გაძვირდეს და რა არა. გააჩნია, დისტრიბუტორები რა ფასად შემოგვთავაზებენ პროდუქტს. შევეცდებით, გაძვირება მყიდველისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ნებისიერი ცვლილება უკმაყოფილებას ყოველთვის იწვევს, მაგრამ სხვა გამოსავალი არც ჩვენ გვაქვს”, - ამბობს ლია კასრაშვილი, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთერთი სუპერმარკეტის მენეჯერი.

გლდანის სამომხმარებლო ბაზრის მოვაჭრე რიმა ცირდავას თქმით, ლარის კურსი თუ არ დაბალანსდება, თითქმის ყველა დასახელების სურსათი გაძვირდება.  ”ლარის გაუფასურება ფასზეც ადეკვატურად აისახება, ბაზრისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ვერ დამისახელებთ ვერცერთ საყოფაცხოვრებო თუ საკვებ პროდუქტს, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაიაფებულიყო. ასეთი რამ არ მომხდარა, პირიქით, გაძვირდა კიდეც და ეს პროცესი ლარის კურსს მიჰყვება. მომხმარებელს ვკარგავთ, მაგრამ სხვა გზაც არ გვრჩება. ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება. სანამ კურსი არ დაბალანსდება (რასაც დიდი დრო დასჭირდება), მომხმარებლის სასიკეთოდ ვერაფერს შევცვლით”,- ამბობს მოვაჭრე.

სავაჭრო სექტორში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს გარეუბნებსა თუ თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მაღაზიების დახურვის ფაქტი. ცოტა ადრე თუ ტენდენცია ტანსაცმლის ბიზნესზე აისახებოდა, უკვე სუპერმარკეტებსაც შეეხო. ამ რამდენიმე დღის წინ სასურსათო მაღაზია დაიხურა აღმაშენებლის გამზირზე, უფრო ადრე - გლდანში. ე.წ. ”რევოლუციის პარკთან” მდებარე სუპერმარკეტმა ”გუდმარკმა” შეწყვიტა საქმიანობა. მათ ვიტრინებზე გამოკრულია აბრა წარწერით: ”იყიდება”, ”ქირავდება”.

ამასობაში ლარის კურსი დაღმა ეშვება და ამ პროცესის დამუხრუჭებას ვერც ეროვნული ბანკი და ვერც მთავრობა ვეღარ ახერხებს. ასე თუ გაგრძელდება, მცირე და საშუალო ბიზნესი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჩამოთვლილი სავაჭრო ობიექტების ბედსაც ბევრი გაიზიარებს!

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”