ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით 42 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება

ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით 42 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში "სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" სხდომა გაიმართა.

სამინისტროს ცნობით, კომისიამ, ეკომიგრანტთა განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მაღალი ქულის მქონე 34 ოჯახის, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე 50 ეკომიგრანტი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილა. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება 42 ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო 12 ოჯახის შესახებ მონიტორინგის ჯგუფები დამატებით ინფორმაციას მოიკვლევენ.

კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობით, კომისიის მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრო 100-მდე ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო გარემოში სახლს გადასცემს. SDC-ის დაფინანსებით, მიმდინარე წელს სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დამატებით შესყიდულ იქნება 40-მდე სახლი.