ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოს რაიონში კიდევ 31 ქუჩაზე ამოქმედდება

2022 წლის 1-ელი ივლისიდან, თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა საბურთალოსა და ისნის რაიონებში, ჯამში 32 ქუჩაზე ამოქმედდება, აქედან 31 ქუჩა საბურთალოს რაიონშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 32 ქუჩაზე, ჯამში, 1751 საპარკინგე ადგილი იქნება, აქედან 37 ადგილი შშმ პირთათვის.

მერიის ინფორმაციით, პარკირების საფასური “A” ზონაში განსაზღვრულია 1 საათი, 1 ლარის ოდენობით.

„საბურთალოს რაიონში მერაბ კოსტავას ქუჩაზე იქნება 98 საპარკინგე ადგილი, მათ შორის, 6 შშმ პირთათვის, გიორგი მიროტაძის ქუჩაზე - 49 ადგილი, მათ შორის 2 შშმ და 1 ელექტრომობილის დამუხტვისთვის; არჩილ სულაკაურის ქუჩაზე განსაზღვრულია 23 საპარკინგე ადგილი; იპოლიტე ხვიჩიას ქუჩაზე - 82 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩაზე - 4 ადგილი; გიორგი სააკაძის დაღმართზე - 46 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე - 12 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; თინა იოსებიძის ქუჩაზე - 152 ადგილი; დები იშხნელების ქუჩაზე 29 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის და 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ჟიული შარტავას ქუჩაზე 38 ადგილი, მათ შორის 5 შშმ პირთათვის; ვიტალი დარასელიას ქუჩაზე - 6 ადგილი; სოფრომ მგალობლიშვილის ქუჩაზე 24 ადგილი, აქედან 1 ელექტრომობილი დამუხტვისთვის; მირზა გელოვანის და ცხინვალის ქუჩებზე 10- 10 ადგილი; სიმონ კანდელაკის ქუჩაზე 45 ადგილი, მათ შორის, 2 შშმ პირთათვის; ბუდაპეშტის ქუჩაზე - 49 ადგილი; გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე - 74 ადგილი, აქედან 3 შშმ პირთათვის; ტაშკენტის ქუჩაზე - 43 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ოთარ ჭილაძის ქუჩაზე - 47 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; იონა ვაკელის ქუჩაზე - 48 ადგილი, მათ შორის, 3 შშმ პირთათვის; შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე - 158 ადგილი; მიხეილ ასათიანის ქუჩაზე - 52 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; სერგო ზაქარიაძის ქუჩაზე - 96 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის; ფერდინანდ თავაძის ქუჩაზე -51 ადგილი; ვაჟა ფშაველას ჩიხი - 46 ადგილი, მათ შორის 1 ელექტრომობილების დამუხტვისთვის; ზაზა და საულ კახიანების ქუჩაზე - 22 ადგილი; მარიჯანის ქუჩაზე - 42 ადგილი, მათ შორის, 1 შშმ პირთათვის; ვარლამ თოფურიას ქუჩაზე - 55 ადგილი; მიხეილ შავიშვილის ქუჩაზე - 44 ადგილი; ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე - 60 ადგილი, მათ შორის 2 შშმ პირთათვის; ელიზბარ მინდელის ქუჩაზე - 67 ადგილი, მათ შორის 1 შშმ პირთათვის.

რაც შეეხება ისნის რაიონს, მეველეს ქუჩაზე 169 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის 3 ადგილი შშმ პირთათვის“, - ნათქვამია მერიის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კონკრეტულ პირებს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე ადგილობრივ მცხოვრებლებს, ტაქსის მძღოლებს, შშმ პირებს უფასო პარკირება შეეძლებათ.

„ადგილობრივი მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის 1-ელი ივლისიდან შეეძლებათ ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში რეგისტრაციის გავლა.

1-ელი ივლისიდან საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება შემდეგ მისამართებზე: მეველის ქუჩა #7/9; მერაბ კოსტავას ქუჩა (სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია); ანა კალანდაძის ქუჩა #3; ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩა #2; სიმონ კანდელაკის ქუჩა #7; გურამ ფანჯიკიძის ქუჩა #22ა; სერგო ზაქარიაძის ქუჩა #8; ვაჟა ფშაველას გამზირი #71ა; მიხეილ შავიშვილის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-4 კვარტალი, კორპუსი #5); ელიზბარ მინდელის ქუჩა (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მე-5 კვარტალი, კორპუსი#4).

პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას პროგრამის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ლოტებზე გაჩერების შემთხვევაში; ელექტრომობილებს; შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილებს; “A” კატეგორიის ტაქსებს მათთვის განკუთვნილ სპეციალურ პარკინგზე.

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში ფლობს უძრავ ქონებას, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული ორი სატრანსპორტო საშუალება უფასოდ დააპარკინგოს 100 მეტრის რადიუსში. უძრავი ქონების მესაკუთრე ID ბარათით ვერიფიკაციის შემდეგ, ინტერნეტის მეშვეობით, ან მუნიციპალურ პავილიონებში შეძლებს, საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართის გათვალისწინებით, ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს. უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის პორტალზე დამატებული ავტომობილის ცვლილება დასაშვებია დამატებიდან 1 თვის შემდეგ. დღე-ღამის განმავლობაში, ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა.

ზონალური პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით: ვებ-გვერდი WWW.TP.GE; მობილური აპლიკაცია TBILISI PARKING; გადახდის აპარატები PAY BOX.

ვებ- გვერდის WWW.TP.GE საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; უფასო 15 წუთით სარგებლობა; პარკირების დაწყება და დასრულება; ბალანსის შევსება; ავტომობილის დამატება; უფასო პარკინგი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ.

ვებ -გვერდზე TP.GE, უფასო ზონალურ-საათობრივი პარკირებით სარგებლობისთვის, მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია ID წამკითხველის, პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ხელმოწერის კოდის (PIN3) გამოყენება.

მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ავტომობილის დამატება; პარკირების დაწყება და დასრულება; უფასო 15 წუთით სარგებლობა; ბალანსის შევსება.

გადახდის აპარატების (PAY BOX) საშუალებით მომხმარებელს შეუძლია: ფიქსირებული დროის შეძენა; ბალანსის შევსება; უფასო 15 წუთით სარგებლობა.

მომხმარებლებს რეგისტრაციაში მუნიციპალური პავილიონები დაეხმარება“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.