”ოქროს” რჩევები გაყიდვების გურუსგან

ათობით წიგნის ავტორის, ბრაიან თრეისის მასტერკლასის მოსმენის შესაძლებლობა თბილისში 400-ზე მეტ მენეჯერს და სტუდენტს მიეცა

რა არის მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად, თვითმოტივაციის ასამაღლებლად და კრიზისების დასაძლევად, ამის შესახებ ამერიკელი ბიზნესკონსულტანტი და ცნობილი ტრენერი ლიდერობისა და გაყიდვების სფეროში, ბრაიან თრეისი bpn.ge-ის კითხვებს პასუხობს.

ათობით წიგნის ავტორის, ბრაიან თრეისის მასტერკლასის მოსმენის შესაძლებლობა თბილისში 400-ზე მეტ მენეჯერს და სტუდენტს მიეცა. პრესტიჟული საკონსულტაციო კომპანია brian tracy international-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ქართველი მენეჯერები ლიდერობისა და გაყიდვების კუთხით რჩევებით მოამარაგა.

- თქვენ ძალიან ბევრი შეგიძლიათ ისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად. მაგრამ იქნებ გამოყოთ ის მთავარი ასპექტები, რაც მნიშვნელოვანია წარმატების მოსაპოვებლად?

- ამაზე მარტივი და მოკლე პასუხი არ არსებობს. თუმცა, არის სამი მთავარი ასპექტი. პირველი: მკაფიო მიზნები, მკაფიო სტრატეგიები და გეგმები, რაც ყველამ იცის. მეორე: მიზნების წინასწარ გაზომვა, საბოლოო ვადების განსაზღვრა ყველა მიზნის შესასრულებლად და მესამე: ძალიან ბევრი მუშაობა. ეს სამი ასპექტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად.

- რას გვეტყვით თვითმოტივაციაზე? როგორ შეიძლება საკუთარი თავის მოტივაციის ამაღლებაზე ვიზრუნოთ?

- ამას ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება სჭირდება. თქვენ ამისთვის თავდაპირველად გჭირდებათ მიზნები და გეგმები, რომელზეც ყოველდღე იმუშავებთ. არ უნდა შეჩერდეთ, მუდმივად უნდა იზრუნოთ თვითგანვითარებაზე. თვითმოტივაციისათვის არსებობს კიდევ სხვა ასპექტებიც.

- როგორც იცით, საქართველოში ახლა ძალიან მძიმე და კრიტიკული ეკონომიკური ვითარებაა. რა უნდა გააკეთოს კომპანიების მენეჯერებმა იმისათვის, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებას თავი დააღწიოს? რა რჩევებს მისცემდით მათ?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ბიზნესში წარმატებისთვის არის ფოკუსირება და კონცენტრაცია. ფოკუსირება იმ სფეროებზე, სადაც შენთვის ყველაზე მეტი შესაძლებლობები ჩნდება. ყველაფერი რომ კარგად გამოვიდეს, უპირველეს ყოვლისა უნდა გქონდეს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და სერვისები. ხარისხის გაუმჯობესება კი ის ფაქტორია, რომელიც მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. რთულ პერიოდში სწორედ ეს ასპექტები მოქმედებს ყველაზე მეტად.