ევროზონის ქვეყნები საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ევროზონის ქვეყნები საბერძნეთისთვის მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ფინანსური დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

საბერძნეთმა კი, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ გააგრძელებს სტრუქტურული რეფორმების გატარებას. ათენი ევროჯგუფის ქვეყნებს ორშაბათს, 23 თებერვალს რეფორმების შესახებ თავის წინადადებებს წარუდგენს.

ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის და ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, ათენი პირობას დებს, რომ ვალებს გადაიხდის და ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს.

"ვფიქრობ, დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით ნდობის ხელახლა მოპოვების კუთხით. როგორც იცით, ნდობა უფრო მარტივად იკარგება, ვიდრე ჩნდება. ამ მხრივ შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური", - განაცხადა დეისელბლუმმა.