მარკ ცუკერბერგმა მთელი მსოფლიოს ინტერნეტთან დაკავშირება განიზრახა

”ფეისბუქის” დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ამჯერად კიდევ ერთი გრანდიოზული და გლობალური მიზანი დაისახა - მთელი მსოფლიო დაუკავშიროს ინტერნეტს.

ახალგაზრდა მილიარდერის ახალ წამოწყებას internet.org ეწოდება, რომლის მთავარი მიზანია, რომ დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს.

”როდესაც ხალხი ინტერნეტთან წვდომა აქვს, ჩვენ შეგვიძლია საოცარი, დიდებული საქმეები განვახორციელოთ. ინტერნეტის მეშვეობით ხალხს განათლების, სამსახურის, კომუნიკაციის საშუალება აქვთ. მაგრამ სამწუხაროდ, ინტერნეტთან წვდომა დღესდღეობით დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს, რაც დაახლოებით 2,7 მილიარდ ადამიანს უდრის. ეს კი ნიშნავს, რომ მსოფლიოში მცხოვრებთა ორმესამედს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე, რაც ძალიან მაღელვებს”, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისივე თქმით” ფეისბუქი” მზად არის გარკვეული ხარჯები გაიღოს არსებული ვითარების შესაცვლელად ისე, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში ამისგან მოგებას არ ელოდება.

მარკ ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა უფასოდ მიუერთდება ისეთ საბაზო სერვისებს, როგორებიც ”ვიკიპედია”, სამუშაოს ძიების სისტემა და სამედიცინო მომსახურების ძიებაა.

პირველი ასეთი ქვეყანა, რომელთანაც ”ფეისბუქმა” უკვე დაიწყო თანამშრომლობა internet.org-ის ფარგლებში, ზამბიაა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ზამბიაში პროექტის ჩაშვებას კარგი შედეგები მოიტანა, ვინაიდან მოსახლეობამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ებოლას ვირუსთან დაკავშირებით. internet.org-მა ასევე უკვე დაიწყო თანამშრომლობა ინდონეზიის, მალაიზიისა და ფილიპინების მთავრობებთან.