დეტალური გეგმა - როგორ აპირებს ევროკავშირი დაასრულოს რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება

ევროკავშირი აცხადებს, რომ თავისი ენერგეტიკული სისტემის გარდაქმნისთვის მას დამატებით 210 მილიარდი ევრო (220 მილიარდი დოლარი) სჭირდება. ინვესტიცია მას საშუალებას მისცემს მასიურად გაზარდოს დაბალი ნახშირბადის ენერგიის განლაგების სიჩქარე და მასშტაბი.

ქვეყნების გაერთიანება ასევე მიზნად ისახავს ენერგიის დაზოგვას, ინვესტიციებს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაში, რათა ახალი მიწოდების მარშრუტები შექმნას.

პაკეტი - განახლებადი ენერგიის „მასიური მასშტაბირება და დაჩქარება“ ევროკავშირმა უკვე განიხილა, ახლა მათი მიზანია დააჩქარონ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა.

ბლოკის თქმით, მას სჭირდება 210 მილიარდი ევრო დამატებითი ინვესტიცია, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი უკვე მიღწეული იყოს.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (weforum.org) ამ გლობალური საკითხის შესახებ დეტალურ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გეგმა მოიცავს ცვლილებებს გარემოსდაცვით პაკეტში, ევროკავშირის მწვანე შეთანხმებაში და მოიცავს სამ ძირითად სფეროს: ენერგიის დაზოგვას, მიწოდების დივერსიფიკაციას და დაჩქარებულ გადასვლას განახლებად ენერგიაზე.

ევროკავშირში (EU) და გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის წილი 2020 წელს ასე გამოიყურებოდა:

  • სლოვაკეთი - 78.4%
  • ლიეტუვა - 68.8%
  • პოლონეთი - 67.5%
  • ფინეთი - 66.8%
  • უნგრეთი - 44.6%
  • რუმინეთი - 32.8%
  • ესტონეთი - 32%
  • გერმანია - 29.7%
  • ჩეხეთი - 29.1%
  • საბერძნეთი - 26.3%
  • ბელგია - 22.2%
  • ნიდერლანდები - 21%
  • ლატვია - 20.3%
  • დანია - 14.9%
  • საფრანგეთი - 13.3%
  • შვედეთი - 12.9%
  • იტალია- 12.5%
  • გაერთიანებული სამეფო- 12.2%
  • სლოვენია- 8.9%
  • ბულგარეთი- 8%
  • ავსტრია- 5.8%
  • ესპანეთი- 5.6%
  • ირლანდია- 4.7%
  • პორტუგალია- 4%
  • კვიპროსი- 1.2%

ევროკავშირი ასევე გეგმავს განახლებადი ენერგიის გამომუშავების წილის გაზრდას. განახლებადი ენერგიის წყაროებმა 2030 წლისთვის მათი მთლიანი ენერგეტიკული მიქსის 45% შეადგინონ. ეს ითვალისწინებს 2025 წლისთვის მზის ფოტოელექტრული სიმძლავრის გაორმაგებას, რაც 2030 წლისთვის 600 გიგავატს მიაღწევს. შესადარებლად, 2021 წელს ევროკავშირს მზის ფოტოელექტრული სიმძლავრე დაახლოებით 165 გიგავატი იყო.

ბლოკი ასევე შეეცდება გაზარდოს ქარის ენერგიის სიმძლავრე.

2021 წელს განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით (გიგავატებში) მსოფლიოში წამყვანი ქვეყნები იყვნენ:

  • ჩინეთი - 1, 020
  • აშშ- 325
  • ბრაზილია - 160
  • ინდოეთი - 147
  • გერმანია - 138
  • იაპონია - 112
  • კანადა - 103
  • საფრანგეთი - 60
  • იტალია - 57
  • რუსეთი - 56

გამოცემის თანახმად, ამ გეგმების მიუხედავად, სანამ საკმარისი მზის და ქარის ენერგია იქნება ხელმისაწვდომი, ქვანახშირისა და ბირთვული საწვავის მოკლევადიანი გამოყენება საჭირო იქნება.

მოსალოდნელია, რომ ელექტროენერგიის წარმოებისთვის მომდევნო ხუთიდან 10 წლის განმავლობაში ევროკავშირი დაწვავს დაახლოებით 5%-ით მეტ ნახშირს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი საწვავია. ეს ყველაფერ კი იმით არის გამოწვეული, რომ რეგიონი რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტს მაქსიმალურად შეზღუდავს.

ევროკომისიას ასევე სურს 2030 წლისთვის ჰქონდეს 10 მილიონი ტონა წყალბადის შიდა წარმოება. ბლოკის ლიდერების განმარტებით, ამას გაზის, ქვანახშირისა და ნავთობის ჩანაცვლებისთვის გამოიყენებენ. სფეროს კვლევისთვის ევროკავშირი 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

ენერგიის დაზოგვა

როგორც ღონისძიებათა პაკეტის ნაწილი, კომისიას ასევე სურს ენერგოეფექტურობის მნიშვნელოვანი ზრდა. ის მიზნად ისახავს ენერგიის მოხმარების 13%-ით შემცირებას 2020 წელთან შედარებით.

კომისიამ იმსჯელა ქცევითი ცვლილებების სერიაზე, როგორიცაა გათბობის გამორთვა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მეტად გამოყენება.

მიწოდების დივერსიფიკაცია

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად დამოკიდებულებას რუსულ ნავთობსა და გაზზე რაც შეიძლება მალე შეამცირებს.

2030 წლისთვის ისეთი ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, როგორიცაა მილსადენები და ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი გაზისა და ნავთობის მიწოდების ახალი რუქის შესადგენად, 10 მილიარდი ევრო იქნება საჭირო.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რუსეთიდან საწვავის იმპორტის შემცირებამ შეიძლება დაზოგოს წელიწადში თითქმის 100 მილიარდი ევრო.

თეონა რამაზაშვილი