რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს ბელარუსის მაგალითით აუქმებს

მდინარე ფსოუს გასწვრივ, დე ფაქტო რესპუბლიკა აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაუქმდება. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მას ბელარუსის მაგალითი მოჰყავს, რომლის საზღვარზეც რუსეთმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები გააუქმა. კალაშნიკოვის თქმით, ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისთვის საჭირო არაერთ ორმხრივ დოკუმენტს ხელმოსაწერად მოამზადებს და დაადგენს, თუ რა ცვლილებებია საჭირო საკითხის მოსაგვარებლად.

დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აფხაზებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ ეს „რუსეთ-აფხაზური საზღვრისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის გაუქმებას არ ნიშნავს.“ ზატულინის თქმით, შემოღებულ უნდა იუქნეს ბელარუსის მოდელი და საკონტროლო-გამშვები პუნქტების განახლებაზე რუსეთი ფულს კი არ ხარჯავდეს, არამედ ისინი საერთოდ უნდა გააუქმოს. მისი მონაცემებით, ტრანსპორტის სამინისტრო ივლისში ხელშეკრულების დადებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, საკონტროლო-გამშვები პუნქტების ხელახალ აღჭურვაზე 4,900 მლრდ რუბლი (74 863 673 დოლარი) უნდა დაიხარჯოს, თავად აღჭურვის სამუშაო კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად, მხოლოდ პროექტის შედგენასა და მშენებლობის დაწყებას, ზატულინის შეფასებით, წელიწადნახევარი სჭირდება.

„რატომ არის რუსეთ-ბელარუსის საზღვარი ერთ რეჟიმში, ხოლო რუსეთ-აფხაზური - მეორეში?! სინამდვილეში ეს არის ძველებური მიდგომის ინერცია და მისგან გამოწვეული შიშით არის განპირობებული,“ - განუცხადა რუსულ Sputnik-ს სათათბიროს დეპუტატმა.

მისი თქმით, შედეგი დაუყოვნებლივ ვერ დადგება, მაგრამ მხარეები ამისკენ უნდა ისწრაფოდნენ, მითუმეტეს, საკითხი 2014 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით არის გათვალისწინებული, რომ ორი წლის განმავლობაში რუსეთ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთის ყველა პროცედურა გამარტივდეს.

ზატულინი აფხაზებს ურჩევს, „სერიოზული ინფრასტრუქტურა რუსეთთან კი არა, საქართველოსთან საზღვარზე, მდინარე ენგურზე შექმნან, სადაც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობასთან შეუგუებლობის გამო პრობლემები ისევ არსებობს.“ ამასთან, ზატულინი გამოდის წინადადებით, რომ პროცესი ორ ეტაპად დაიყოს და რუსეთის საზღვარზე გამშვები პუნქტების საბოლოო გაუქმებამდე, პირველ ეტაპზე, ენგურის საზღვრის მსგავსად, იქაც ერთობლივი, რუსულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყოს.

„ერთობლივი, ანუ ერთი და არა ორი განსხვავებული, რუსული და აფხაზური, რომ ეს პროცედურებიც არ გაორმაგდეს. თუმცა ეს მაინც შუალედური ნაბიჯი იქნება სასაზღვრო რეჟიმის მთლიანად გაუქმების გზაზე,“ - აცხადებს ზატულინი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ