მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს

მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას აპირებს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედის კვირაში" ჩართვისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება სწორედ "ქამრების შემოჭერის" ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებაა. "ქამრების შემოჭერა პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო. რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკური გუნდი გეგმავს, ხელშესახებ შედეგს მოიტანს. "ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა გვაქვს, რაც მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილი. პირველ რიგში ეს არის პრივატიზაციის გააქტიურება. რაც ყველაზე მოკლევადიანი შედეგია. ჩამონათვალია იმ ობიეტების, რომელთა პრივატიზაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. მაგალითად, რამდენიმე ობიექტი, რომელიც საპარტნიორო ფონდმა დაასრულა, ეს არის თბოელექტროსადგური გარდაბანში, საპარტნიორო ფონდი გამოვა ამ პროექტიდან და იმ წუთასვე დაიწყებს ახალ პროექტებს ამ თანხით და ეს იქნება სავალუტო შემოდინება. მარტო ორი ობიექტიდან შემოსავალი 250-დან 300 მილიონ დოლარზეა საუბარი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.