„ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთში ნავთობმოპოვება 30%-ით უნდა შემცირდეს და ფასი გაიზარდოს

რუსეთში ნავთობის მოპოვება 20-30%-ით, დღეში 10 მილიონიდან 7-8 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. ამის შესახებ „ლუკოილის“ თანამფლობელი და ვიცე-პრეზიდენტი, ლეონიდ ფედუნი თავის სტატიაში წერს, რომელიც RBC-მა გამოაქვეყნა.

მისი თქმით, 7 ბარელი ნავთობის 80 დოლარად გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე 10 ბარელის 50 დოლარად გაყიდვაა. ფედუნის შეფასებით, რუსეთისთვის აზრი არ აქვს იმაზე მეტი ნავთობის წარმოებას და ექსპორტს, ვიდრე ეს „აუცილებელია დინამიური ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.“

ფედუნი ამბობს, რომ რუსეთს დღეში 10 მილიონი ბარელი ნავთობის მოპოვება არ სჭირდება, რადგან დღეში მხოლოდ 7-8 მილიონი ბარელის ეფექტურად მოხმარება და ექსპორტი შეუძლია, რაც შიდა მოხმარებისთვისაც საკმარისი იქნება და ამით არც სახელმწიფო ბიუჯეტი იზარალებს. მისი თქმით, კრიზისამდელი ექსპორტის მოცულობის შენარჩუნებასა და 30-40%-იან ფასდაკლებაზე დათანხმებას აზრი არა აქვს.

ფედუნის აზრით, ნავთობის ემბარგოზე საუბრის უკან მყიდველები ამ ფასდაკლებების „ინსტიტუციონალიზაციას“ ტარიფების რეგულირების ინსტრუმენტების დახმარებით შეეცდებიან. ამდენად, ის „უფრო რაციონალურად“ მიიჩნევს „ნედლეულის გამოუყენებელი მარაგების შენარჩუნებას მომავალი მოხმარებისთვის და ინფრასტრუქტურული რეზერვების შექმნას.“ ფედუნი პროგნოზირებს, რომ „დიდი ალბათობით, ნედლეულის საჭიროება უახლოეს ათწლეულებში გაიზრდება და მათი ღირებულება რეალურ ინფლაციასთან იქნება კორელაციაში.“

Forbes-ის მონაცემებით, მაისიდან მოყოლებული, OPEC+-ის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის ნავთობმოპოვების დღიური კვოტა 10,549 მილიონ ბარელს შეადგენს. ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო ოფისის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 1,506 მილიონ ტონას, დაახლოებით, 11,4 მილიონ ბარელს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ