2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი.

„ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით წინა წელს გამომუშავება გაიზარდა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც, ეს ტენდენცია გრძელდება და უხვნალექიანობის გამო მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზრდა მოსალოდნელი არაა.

რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის მოქმედი ტარიფები დადგენილია 2022 წლის ბოლომდე, შემდეგ კი ახალი სამომხმარებლო ტარიფები დადგინდება. მოსაწოდებელი გაზის ფასის დიდწილად ზრდას არ ველოდებით, თუმცა გარკვეული კომპონენტები ფასის ზრდას გამოიწვევს, მაგრამ ეს არ იქნება დიდი და ხელშესახები“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრს შეადგენს. მაგალითად, რეგიონებში უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლები 1 კუბურ მეტრში 56.9 თეთრს იხდიან. 2021 წლის 1-ლი ივნისიდან კი „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 53.9 თეთრი ღირს. აღნიშნული ტარიფები 2022 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.

კახი ჩაკვეტაძე