,,ქართული პური მყისიერად გაძვირდება“  - მოიმატებს თუ არა ფასი  მასობრივი მოხმარების პურზე

2022 წლის 1-ლი ივლისიდან რეგიონებსა და თბილისში გაზის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბიზნესისთვის იზრდება.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მასობრივი წარმოების პურზე, ფასის მყისიერად ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ ქართული პური, რომელიც ღია წვის რეჟიმით ცხვება, მომენტალურად გაძვირდება, რაც შეეხება მასობრივი მოხმარების პურს, ე.წ. ქვის პურის საცხობი მოწყობილობები ინსექციურია, რომელიც გაზის იმ მოცულობას არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე, არ ველოდები, რომ ფასი გაზის ტარიფის ზრდის პროპორციულად მოიმატებს.

მით უფრო, ახლა ქვეყანაში იმდენი ფქვილია, რაც არასოდეს ყოფილა. პარალელურად ალოობა და მოლოდინი კარგი გვაქვს მოსავალთან მიმართებით“ - განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქში 1 კუბური მეტრი 25 თეთრით გაიზრდება, რეგიონებში კი, 23 თეთრით.

შპს “თელავგაზის“, “სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“ და „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით. რეგიონებში, ახლანდელი მდგომარეობით, კომერციული გაზის ტარიფი 1.15 თეთრი იყო.

„თბილისი ენერჯის“ ცნობით კი, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 თეთრით. აქამდე თბილისში, გაზი 1.10 თეთრი ღირდა.

თამარ მუკბანიანი